სამშენებლო ალუმინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშენებლო ალუმინი — გრძელი ზომის მასალა, დამზადებული სამრეწველო მარკის ალუმინისაგან. მომხმარებელს მიეწოდება გაგლინული პროფილების სახით, როგორიცაა: ღერო, ზოლი, შველერი, კუთხედი, ტესებრი, ორტესებრი, მილი წრიული, კვადრატული, მართკუთხა, რთული განივკვეთის და სხვ.
ლითონის კონსტრუქციებთან შედარებით ალუმინის პროფილები გამოირჩევა სიმსუბუქით, კოროზიამედეგობით, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სიმარტივით, უნივერსალურობით და სხვა რიგი დადებითი თვისებებით, რაც განაპირობებს მათ ეფექტურ გამოყენებას არა მარტო მსხვილ არქიტექტურულ ობიექტებზე, არამედ მცირე არქიტექტურულ ფორმებშიც. დიდი მოთხოვნილებაა ალუმინის პანელებზე ვენტილირებადი და ჩვეულებრივი ფასადების მოსაწყობად, აგრეთვე საყოფაცხოვრებო სფეროში.