სამშენებლო ყალიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხის ყალიბი
ფანერის ყალიბი
გადახურვის ყალიბი
ლითონის მოდულური ჩარჩოვანი ყალიბი

სამშენებლო ყალიბი – დამხმარე კონსტრუქცია ხის, ლითონის ან სხვა მასალისგან, ბეტონის, რკინაბეტონის, გრუნტისა და სხვა სამშენებლო დუღაბებისათვის გარკვეული პარამეტრების (ფორმა, გეომეტრიული ზომები, მდებარეობა სივრცეში, ზედაპირის სტრუქტურა და სხვ.) მისაცემად. ყალიბი ან ყალიბების სისტემა შედგება ფორმაწარმომქმნელი ელემენტებისგან, რომელიც იჭერს კონსტრუქციასა და მაკავშირებლებს. დუღაბის გამყარების შემდეგ, როგორც წესი, ახდენენ განყალიბებას. არსებობს სტაციონალური ყალიბიც, რომელიც რჩება ადგილზე და კონსტრუქციის ნაწილს შეადგენს. სამშენებლო ყალიბი უნდა აკმაყოფილებდეს სიმტკიცის, გეომეტრიული ზომების სტაბილურობისა და სივრცეში მდებარეობის მოთხოვნებს. ყალიბზეა დამოკიდებული აგრეთვე მონოლითური კონსტრუქციების ზედაპირის ხარისხი. მოსახსნელი სამშენებლო ყალიბი კლასიფიცირდება ფუნქციური დანიშნულების, კონსტრუქციისა და მასალის მიხედვით.

დანიშნულების მიხედვით არსებობს სამშენებლო ყალიბის სახეები: გადახურვის, კედლის, კოლონის, საძირკვლის, ლიფტის შახტისა და ა.შ.;

მასალის მიხედვით – ხის, ფოლადის, ალუმინის, ფანერის, პლასტმასის;

კონსტრუქციის მიხედვით – ჩარჩოვანი, კოჭური და კარკასული სისტემის.

გადახურვის ყალიბის მოწყობისათვის გამოიყენება ტელესკოპური დგარები, აღჭურვილი გარე კუთხვილიანი ქუროებით, რომლითაც ადვილად მიიღწევა დგარის საჭირო სიმაღლე. მშენებლობაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული ხის ყალიბი მონტაჟის სიმარტივისა და მასალის სიმსუბუქის გამო. ალუმინისა და ფოლადის ყალიბი ღირებულებით ბევრად აჭარბებს ხის ყალიბს, ამიტომ ისინი ძირითადად გამოიყენება დიდი და საპასუხისმგებლო ნაგებობებისათვის. ხშირად მიმართავენ ფანერის ყალიბის გამოყენებასაც. ლითონის ყალიბის შიგა ზედაპირი მოთუთიებული ან გალვანიზებულია ფხვნილოვანი საფარვლით, რაც იცავს ფოლადს კოროზიისაგან და უზრუნველყოფს ყალიბის სწრაფ გასუფთავებას. ალუმინის ყალიბი მსუბუქია და კარგი მოსახმარია, მაგრამ სწრაფად კარგავს საწყის გეომეტრიას და თანაც ბევრად ჩამორჩება ფოლადის ყალიბს განმეორებადობით და რემონტიც პრაქტიკულად შეუძლებელია. სტაციონალური ყალიბებისთვის უმეტესად იყენებენ ფოლადს ან ქაფპოლისტირენს. ჩარჩოვანი სისტემები შედგება ფარების, საყრდენი ელემენტების, ჭანჭიკოვანი შეერთებებისა და მაკავშირებლებისგან; ლითონის კარკასი უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიხისტეს, აჩქარებს და ამსუბუქებს მოდულური ელემენტების მონტაჟს. კოჭოვან სისტემაში შედის კოჭები, საყალიბე ფილები, კავშირისა და საყრდენი ელემენტები, რიგელი, ხარაჩოები და ხე-ტყე. გვირაბებისათვის გამოიყენება მრუდე ზედაპირის მქონე ფოლადის მოსახსნელ-გადასატანი ფარები, რომელთა მეშვეობით სერიულად აწარმოებენ ერთნაირი სექციების დაბეტონებას. მონტაჟი მიმდინარეობს ამწის მეშვეობით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები