სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკა
სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკა – სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის ორგანოების, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების საქმიანობა, რომელიც უკავშირდება შეიარაღებული ძალების აღჭურვას სამხედრო და სპეციალური ტექნიკითა და ქონებით. მიმართულია შეიარაღებული ძალების სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობის რაოდენობრივი და თვისებრივი შესატყვისებობისკენ. ამასთან გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა შესაძლებლობები და შეიარაღების შეზღუდვის საერთაშორისო შეთანხმებები.
სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის მთავარ ობიექტებად გვევლინება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და შეიარაღებული ძალები, ხოლო მთავარ მიზნად – სამხედრო-სამეცნიერო, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის შექმნა, ჯეროვან დონეზე შენარჩუნება და ეფექტიანი გამოყენება. სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განეკუთვნება:
- სამხედრო-ტექნიკური დაზვერვა;
- შეიარაღების სფეროში – სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ორგანიზაცია;
- სამხედრო ტექნიკის გამოცდა;
- შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
- შეიარაღებული ძალების აღჭურვისათვის შეიარაღების სისტემების და სამხედრო ტექნიკის შერჩევა;
- სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სტრუქტურის და საქმიანობის ოპტიმიზაცია;
- შეიარაღების მწარმოებელი და სარემონტო სიმძლავრეების შექმნა და განვითარება;
- ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
- სამხედრო წარმოების დივერსიფიკაცია და კონვერსია;
- შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის გეგმაზომიერი მოდერნიზაცია;
- შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის უტილიზაცია;
- სამხედრო-ტექნიკურ სპეციალისტთა კადრების მომზადება;
- შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ტექნიკური მომზადება;
- საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და სხვა.
სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის კონკრეტული მიზნები, ამოცანები და პრიორიტეტები, როგორც წესი, განისაზღვრება სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტით, პერსპექტიული გეგმებით, სხვადასხვა ვადით გაანგარიშებული შეიარაღების პროგრამებით. ხასიათის და მიმართულების მიხედვით ექვემდებარება სახელმწიფოს ზოგადი და სამხედრო პოლიტიკის მიზნებს და ამოცანებს.