სამხედრო დოკუმენტები
სამხედრო დოკუმენტები (ლათინური documentum – მოწმობა, საბუთი) – სამხედრო ინფორმაციის მატარებელი საბუთები. განკუთვნილია სამხედრო მმართველობის ორგანოების განმკარგველ-აღმასრულებელი საქმიანობისათვის როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დორს.
სამხედრო დოკუმენტები შეიძლება წარმოადგენდეს წერილობით ტექსტს, აგრეთვე ბგერით ინფორმაციას, ბარათს, იყოს დაფიქსირებული ფოტოფირზე (ფირფიტებზე), მაგნიტურ ლენტზე, პერფობარათებზე, ელექტრონულგამომთვლელი მანქანის მეხსიერების ბლოკებში, მაგნიტურ დისკეტებზე, ელექტრონულ ფოსტზე (E-mail) და ა.შ.
არსებობს ოპერატიული (საბრძოლო), სამობილიზაციო და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული (სამსახურებრივი) სამხედრო დოკუმენტები, ცალკე ჯგუფს შეადგენენ საწესდებო დოკუმენტები. ასევე დოკუმენტები, რომლებიც განეკუთვნება ჯარების საბრძოლო საქმიანობას, საბრძოლო მოქმედებების (ოპერაციების) მომზადებას და წარმოებას; გარდა ამისა არის ოპერატიული (საბრძოლო) დოკუმენტები. დანიშნულების მიხედვით ისინი იყოფა ჯარების მართვის შესაბამისად:
- დამგეგმავ და დირექტიულ, საანგარიშგებო-საინფორმაციო, საცნობარო დოკუმენტებად;
- სამობილიზაციო, ანუ დოკუმენტები, რომლებიც განეკუთვნება სამობილიზაციო მუშაობის დაგეგმვას და ორგანიზებას (სამობილიზაციო მზადყოფნა, სამობილიზაციო მომზადება).
- ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულს უწოდებენ დოკუმენტებს, რომლებიც ასახავენ და განსაზღვრავენ შტაბების ყოველდღიურ ორგანიზატორულ, ადმინისტრაციულ და სამეურნეო საქამიანობას, ჯარების სამსახურსა და ყოფას.
ფორმის მიხედვით დოკუმენტები შეიძლება იყოს ტექსტობრივი, გრაფიკული ან ცხრილის სახით. ტექსტის შინაარსი დამოკიდებულია დოკუმენტის სახეობასა და დანიშნულებაზე; გრაფიკული დოკუმენტები მუშავდება ვითარების, ჯარების მოქმედებების ხასიათის და სხვა მოვლენების თვალსაჩინო ასახვისათვის ტოპოგრაფიულ (საზღვაო) რუკაზე, ცვილანაზე (კალკაზე), პლასტიკატზე ან ქაღალდზე პირობითი ნიშნების მეშვეობით. დოკუმენტები ცხრილის სახით, ძირითადად, განკუთვნილია გაანგარიშების, გაფორმებისა და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებისათვის. სამხედრო დოკუმენტები უნდა იყოს ზუსტი, ოპტიმალურად მოკლე, თვალსაჩინო და მუშაობაში მოსახერხებელი.