სანიაღვრე კანალიზაცია
სანიაღვრე კანალიზაცია – წყალშემკრებების, მილების, არხებისა და კოლექტორების სისტემა, სახურავებიდან და მოედნებიდან ჩამონადენი წყლის მოსაგროვებლად და გასაყვანად ტერიტორიიდან. ასეთი სისტემები ეწყობა ინდივიდუალურ ნაკვეთებზე, შენობების ჯგუფის, ქუჩებისა და სამრეწველო კომპლექსებისათვის. არსებობს წვიმის წყლის ტერიტორიიდან გაყვანის სისტემის სამი ტიპი:
1) დახურული წყალსარინი – რთული ვარიანტი, რომლის განსახორციელებლად საჭიროა სანიაღვრე კანალიზაციის სერიოზული ჰიდრავლიკური გაანგარიშება. ამ შემთხვევაში, წყალი იკრიბება სპეციალურ წყალშემკრებებში, შემდეგ გადადის მილების სისტემაში, რომლებშიც გადაადგილდება თვითდინებით (ან ტუმბოებით), შემდეგ კი კოლექტორის მეშვეობით ჩაედინება წყალსატევებში, ხრამებში ან სადრენაჟო სისტემებში. ასეთი სისტემა უმეტესად მონტაჟდება ქალაქის ქუჩებში ან სამრეწველო საწარმოების ტერიტორიაზე;
2) ღია წყალსარინი – მარტივი ვარიანტი, რომლის განსახორციელებლად წყლის შეკრება და ტერიტორიიდან გაყვანა ხდება კოლექტორის მიმართულებით დახრილი ქანობის არხებში ჩაწყობილი ღარების მეშვეობით. ძირითადად გამოიყენება კერძო ნაკვეთის კეთილმოწყობისთვის;
3) შერეული წყალსარინი – სადაც ერთდროულადაა გამოყენებული ღია და დახურული წყალსარინი სისტემები. ასეთი წყალსარინები კეთდება დახურული წყალსარინების მოწყობისთვის ფინანსური დანახარჯების შემცირების მიზნით.