სარაჯიშვილი ალექსანდრე
სარაჯიშვილი ალექსანდრე – (ფსევდონიმი „რიშ-ბაბა“), (1851-1914), კრიტიკოსი, მკვლევარი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
თბილისის პირველი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1868) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში (იურიდიულ ფაკულტეტზე), ყაზანის უნივერსიტეტში (ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე), კიევის უნივერსიტეტში (აქაც იურიდიულ ფაკულტეტზე). 1873–76 წწ. ჟენევის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ჟენევაში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა ცხოვრებაში, ფრანგულად კითხულობდა მოხსენებას ქართული ლიტერატურის საკითხებზე. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი ხაზინადარი, მუზეუმ-წიგნთსაცავის გამგე. თანამშრომლობდა „დროებაში“ (ათავსებდა კრიტიკულ წერილებსა და რეცენზიებს), „მოამბეში“ (სადაც 1095 წ. დაიწყო მისი შრომის — „ვეფხისტყაოსნის ყალბი ადგილების“ გამოქვეყნება), რედაქტორობდა „ივერიას“ (1901–02 წწ.), იყო ამ გაზეთის გამომცემელი (1903-05 წწ). თანამშრომლობდა აგრეთვე „ფასკუნჯში“, „ჯეჯილში“, „კლდეში“, რომელთა ფურცლებზეც აქვეყნებდა იუმორისტული ხასიათის წერილებსა და ნათარგმნ თხზულებებს. ა. სარაჯიშვილი იკვლევდა აგრეთვე ძველ ხელნაწერებსაც (1884 წ. ი. ჭავჭავაძესა და პ. უმიკაშვილთან ერთად გამოსცა „ვისრამიანი“). ი. რომენსკისთან ერთად თარგმნა ინდური ეპოსი „რამაიანა“.
ლიტერატურა
- ი. მეგრელიძე, რუსთველოლოგები, 1970;
- ი. სონღულაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, კრებული: ძველი საქართველო, ტ. IV, 1914-15.