სარქველეთუბანი
სარქველთუბანი — სოფელი ზემო იმერეთში ჭიათურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბუნიკაური, ზედა რგანი, თაბაგრები). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 640 მ. ჭიათურიდან 6 კმ.
სახელწოდება
ტოპონიმის წარმოშობის თაობაზე ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სოფლის სახელწოდება დაკავშირებული ყოფილა ჭურის სარქველის შემთხვევით პოვნასთან: „უმალ, სანამ აქ სოფელი გაშენდებოდა, ყოფილა დიდვანი ტყეები, კაცი ვერ გეიარდა. რაჭიდგან წამოსულა მითან სამი ძმები, შიშარობა კარ იყო, წამოსულა ეს ძმები ერთათ, უნდა ნახონყე კაი სამოსახლო. ახლა მოდიან და ამ ძმეფს ამ უვალ ტყეში გზა დაბნევია ყე. ასე უვლია დითხანს, დადიენ უგზოუკვლოთ და სადანაც ახლა სოფელია, რო მოვიდენ, უნცროს ძმას უთქვამს, რომეო აქიდანი მე გაგიყვანთ, რაცაღას მეგიაზრეფო. წასულა და რო მიდის, საცხა კალოსხელა ტოფი შეხვდერია. ფარჩხია თლა დაყრილი. გაუვლია და იქ თურე ჩადგმულია ერთი ჭური, სარქვიელი ქვე გადახდია და არ სტუკა ფეხი ამ ძმამ შით! წვალოფს ახლა, ჩავარდნილია, უნდა გეიმთავისუფლოს, რათ უნდა ამას კითხავის რაძახანაირათე ამოსულა, ამოწვადა თურე ფეხი და რო ჩეიხედა ამ ჭურში, დიდი ჭურია ძანიალი, კილამე შეიშალა ჭკუაზე: თლა ოქრო-ვერცხლით და თვალ-მარგალიტებით არი ეს ჭური გაზეპილი! რავაღაც იქნებოდა, ამოსულა, და არი ასე გასუნგული, ვერ იღებს ხმას, მერე რო ამოსულა, მოუნიშნებია ადგილი, სარქვიელი უწინდებურად ქვე დოუხურებია და წამოსულა. რავაც იყო, მიუგნია ძმებისათვი, იმათ კიდო დოუწყიაყე საყვედურები, საანა იყავი აქამდიო, რა მოხთაო? – საანა ვიყავი და ასთე და ასთეა ჩემი საქმე, ერთი ჭური ნავხე, იმანო ჩვეც უნდა შაგვინახოს და თელი ჩვენი მამაგლობაცო. წასულა ეს ძმები, აუხთია სარქვიელი და გაგიჟდენ სიხარულით. ოუშენებია კაი-კაი სახლები, გოუშენებია მამული, იმათოდენი დიდარე აღარვინ დადიოდა. სოფელი რო მოშენებულა, ამათ დოუთქმევია სარქვიელეთუბანი, ჭურმა ჩვენ ცხოვრება გვანახაო, ამას რავა დავკარგაგთაო. ასთე მაქ განაგონი ჩვენი ძველებისაგან, რაჭიდანი რო გადმოსულა ხალხი, მაშითავე დოუთქმევიათ ეს სახელი“. (მიხეილ საგანელიძე, ქ.ჭიათურა).
სინამდვილეში სოფლის სახელი სარქველეთუბანი წარმომდგარი ჩანს გვარისაგან ქველიძე. თავდაპირველად უნდა გვქონოდა საქველეთუბანი „ქველიძეთა უბანი“, „საქველიძეო“. ტოპონიმის შინაარსობრივი გაბუნდოვანება არსებითად გამოუწვევია ქ თანხმოვნის წინ რ სონორის ფონეტიკურ განვითარებას (ჩართვას), ხოლო შემდეგ მომხდარა მისი „სარქველ“-სიტყვასთან გაიგივება. ზემო იმერეთში, კერძოდ, ზესტაფონისა და ჭიათურა-საჩხერის რეგიონში იშვიათი როდია მიკროტოპონიმები, რომლებიც ქველიძეთა (ქველაძეთა) გვარისაგან არიან წარმომდგარნი. ქველაძეების უბანი (ს.თვრინის უბანი); ქველეთუბან-ი – ს.დილიკაურის ერთ-ერთი უბანი; ქველოურ-ი – ბუჩქნარი, სახნავი ს. ქვედა კლდეეთში და სხვ. რაც მთავარია, თვითონ სოფ. სარქველეთუბანში გვხვდება მინდორი, რომელსაც ქველაძისოული ეწოდება. ეს ფაქტი მხარს უჭერს ჩვენეულ ვარაუდს სარქველეთუბნის ქველაძე||ქველიძე გვარისაგან მომდინარეობის თაობაზე.