სასანოისძე სტეფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეფანე სანანოისძე —(X ს.), მთარგმნელი, ჰიმნოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე (ჭყონდიდის ეპისკოპოსი). ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში მასთან ერთად განუყრელად იხსენიება დავითი — ტბეთის ეპისკოპოსი. ისინი ცნობილნი არიან, როგორც ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა მთარგმნელნი.

მკვლევარნი სტეფანე სანანოისძეს მიაწერდნენ მიქელ მოდრეკილის კრებულში შესულ ორ საგალობელს: „ნათლისღებისა და წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსანი“ და სტეფანე პირველმოწამის საგალობელი სტიქარონითურთ. უკანასკნელმა ძიებამ (ლ. ჯღამაია) გაარკვია, რომ სტეფანე პირველმოწამის საგალობელი თარგმნილია ბერძნულიდან თვით სტეფანე სანანოისძის მიერ.

აბოსადმი მიძღვნილი საგალობელი განადიდებს ნათლისღების დღესა და წმიდა აბოს. ნათლისღება, რომელიც თეოლოგიური თვალსაზრისით ადამიანში უმაღლესი საწყისის გაღვიძების მისტერიული დღესასწაულია, კაცთა მოდგმის არსებობის მიზანთა მიზანია; აბო, რომელიც ნათლისღების დღეს ეწამა, ხელდასხმულია, იგი ეზიარა თავის უმაღლეს „მეს“, განიძარცვა „ძველი კაცი საქმითურთ და შეიმოსა ძალი ქრისტეჲსი“. სტეფანე სანანოისძე ეყრდნობა აბოს წამების იოანე საბანისძესეულ ტექსტს. ავტორი ყურადღებას მიაქცევს აბოს სულიერი ბიოგრაფიის დეტალებს და მათი წარმოჩენით წმიდანის დასრულებულ სახეს ქმნის. საგალობლის დახვეწილი პოეტური ფორმა, ლაკონიური და გამომსახველი სიტყვა საფუძველს გვაძლევს სტეფანე სანანოისძე გვერდით ამოვუყენოთ თავისი დროის ბრწყინვალე ჰიმნოგრაფებს.


ტექსტი და ლიტერატურა

  • პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, გვ. რნა-რნვ;
  • ლ. ჯღამაია, მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფები, მაცნე. 1974, N3, გვ. 59-66, 54-59;
  • პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, 1965. გვ. 105-106, 358

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები