სატირული დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატირული დრამა — ძველბერძნული დრამატურგიის ჟანრი. აღმოცენდა ღვთაება დიონისესადმი მიძღვნილ სოფლის საწესჩვეულებო დღესასწაულებიდან.

დიდ დიონისობასთან დაკავშირებით ათენში თეატრალური შეჯიბრებათა ორგანიზებაში მყარი წესრიგის დამყარების შემდეგ (დაახლ. 500 ძვ.წ.), სატირების დრამა იქცა ამ შეჯიბრებათა აუცილებელ ნაწილად და თამაშდებოდა როგორც ტეტრალოგიის მე-4, დასკვნითი პიესა. ვარაუდობენ, რომ სატირების დრამას სცენური ფორმა შესძინა პრატინიმ ფლიუნტადან (მე-5 ს. ძვ.წ.). ეს ჟანრი ცნობილია ჩვენამდე მოღწეული ერთი სრული პიესით ევრიპიდეს „კიკლოპი“ და მცირერიცხოვანი ფრაგმენტებით სოფოკლეს („კვალისმაძიებელი“) ესქილეს და სხვა ტრაგიკოსთა ნაწარმოებებიდან.

სატირების დრამის უცილობელი მონაწილეა სატირების ქორო, აღვირახსნილი და თავმომწონე ტყის დემონები. ხშირად აღწერდნენ მათ თავდასხმას ნიმფებზე ან ქალ-ღვთაებაზე; სატირები ზოგჯერ თვითონ ვარდებოდნენ სხვადასხვა ურჩხულების ტყვეობაში (მაგ. კიკლოპის), საიდანაც მათ ათავისუფლებდნენ ძლიერი ან მოხერხებული გმირები (ჰერაკლე, ტესეუსი, ოდისევსი). სატირების დრამის იუმორისტული განწყობილება ანელებდა ტრაგედიისგან მიღებულ მძიმე შთაბეჭდილებას და მაყურებელს აბრუნებდა საგაზაფხულო დიონისობის მხიარულ ატმოსფეროში. მე-4 საუკუნის შუახანიდან მოყოლებული, სავალდებულო აღარ იყო სატირების დრამით ტეტრალოგიის დასრულება, ანტიკურ თეატრში სატირების დრამები იდგმებოდა ჩვ. წ. მე-2 ს. ჩათვლით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები