საუზმე ლიდერთან (ტურგენევი)
„საუზმე ლიდერთან“ – რუსი დრამატურგის ივანე ტურგენევის ერთმოქმედებიანი კომედია.
პიესა „საუზმე ლიდერთან“ ივანე ტურგენევმა 1849 წელს დაწერა, მაგრამ 1856 წლამდე ის არ გამოუქვეყნებია. პირველად პიესა მკითხველმა ჟურნალ „სოვრემენიკის“ ფურცლებზე წაიკითხა, თუმცა მანამდე 1849 წელს პიესა რუსული თეატრების სცენაზე იდგმებოდა, პირველად მოსკოვის მცირე თეატრის სცენაზე დაიდგა. მთავარ როლებს ასრულებდნენ რუსული სცენის ვარსკვლავები: მიხაილ შჩეპკინი, აგრაფინა საბუროვა, ივან ნემჩინოვი და პეტრე სტეფანოვი. მოსკოვური პრემიერიდან ორი კვირის შემდეგ პიესა პეტერბურგში, ალექსანდრინსკის თეატრის სცენაზეც დაიდგა. მთავარი როლის შემსრულებელი ალექსანდრე მარტინოვი ხანგრძლივი აპლოდისმენტების შემდეგ ტოვებდა სცენას. ანა კაუროვას როლს კი ელენა სოსნიცკაია ასრულებდა, რომელზედაც პრესა წერდა: „მსახიობმა პერსონაჟი გასაოცარი ტიპურობით და სიზუსტით დახატა“. 1953 წელს „მოსფილმმა“ პიესის მიხედვით გადაიღო ფილმი-სპექტაკლი (რეჟისორები: ანატოლი რიბაკოვი და ბორის ლიფანოვი).
პიესის მთავარი გმირი ნიკოლაი ბალაგალაევი დილიდან შლის დიდ სუფრას, საუზმეზე ბევრ სტუმარს ელოდებიან, როცა გამოჩნდება მეზობელი ალუპკინი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად ამ მხარეში, განმარტავს, რომ შეკრება საუზმეზე უკავშირდება გაჭიანურებულ საქმეს მესაკუთრესა და მის ქვრივ დას შორის. მესამე წელია მემკვიდრეობა ვერ გაიყვეს, საქმე სასამართლომდეც მივიდა, მაგრამ წინ არ წასულა. ნიკოლაი ბალაგალაევის ინიციატივა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა შუამავლების დახმარებით. ლიდერის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება. მხარეები ინიციატორის შეთავაზებით უკმაყოფილონი არიან. კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ ბალაგალაევი სტუმრებს ტოვებს.