საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი – საფრანგეთის ცენტრალური ხელმძღვანელი ორგანო 1943-44.

შეიქმნა 3.VI.1943 საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ხელმძღვანელის დე გოლისა და ჩრდილოეთ აფრიკაში ფრანგული ჯარების სარდლის გენერალ ა. ჟიროს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. თავდაპირველად მას ჰყავდა ორი თანათავმჯდომარე: დე გოლი და ჟირო, რომლებსაც თანაბარი რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავდათ კომიტეტის შემადგენლობაში, მაგრამ თანდათანობით დე გოლის პოზიციები საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის შიგნით გაძლიერდა და 1943 წლის ნოემბერში ის გახდა კომიტეტის თავმჯდომარე (ჟირომ მთავარსარდლის პოსტი დაიკავა და უარი განაცხადა კომიტეტის წევრად დარჩენაზე).

საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ფორმირების დროს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში კომიტეტმა გამოაცხადა თავი საფრანგეთის ცენტრალურ ხელისუფლებად, რომელიც იარსებებდა დროებითი მთავრობის შექმნამდე. საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტმა გამოაცხადა ყველა ეროვნული ძალის გაერთიანება საფრანგეთისა და მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიების სრული განთავისუფლების მიზნით. კომიტეტმა ვალდებულება აიღო, აღედგინა რესპუბლიკური რეჟიმი და კანონები საფრანგეთში.

საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილე წამყვანი სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ) მიერ ცნობილ იქნა 26.VIII.1943, ამასთან, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი აღიარებდნენ „კომიტეტის მმართველობას მხოლოდ იმ განთავისუფლებულ ფრანგულ ტერიტორიებზე, რომლის მოსახლეობაც ცნობდა საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ხელისუფლებას“. საბჭოთა დეკლარაციის თანახმად კი კომიტეტი იყო „საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესების წარმომადგენელი" და „ჰიტლერული ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ფრანგი პატრიოტის ხელმძღვანელი“. 1944 წლის 2 ივნისს საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი გამოცხადდა საფრანგეთის დროებით მთავრობად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები