საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა შვეიცარიაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა შვეიცარიაში - 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისია არსებობდა შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში. დიპლომატიური წარმომადგენელი მიხეილ სუმბათაშვილი იყო. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა იქაურ პრესასა და საზოგადოებაში ქართული საკითხის გასაცნობად.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის მის სამართლიან ბრძოლას მხარს უჭერდნენ, შვეიცარიის მთავრობას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იურიდიულად არ უცვნია. 1920 წლის მეორე ნახევარში საქართველოს წარმომადგენელი სამუშაოდ ქ. ჟენევაში, ერთა ლიგის მუდმივ რეზიდენციაში გადავიდა. მისი უმთავრესი დანიშნულება ის იყო, რომ საქართველოს საკითხით დაეინტერესებინა როგორც ერთა ლიგის საბჭო, ასევე ცალკეული დელეგატები, რომლებიც ყრილობაზე დასასწრებად ჟენევაში ყოველწლიურად ჩადიოდნენ. საქართველოს მისიამ შვეიცარიაში მოღვაწეობა ჯერ კიდევ ეროვნული მთავრობის თბილისში ყოფნის დროს შეწყვიტა. მოგვიანებით, საფრანგეთის მსგავსად, შვეიცარიაშიც შეიქმნა „საქართველოს მეგობართა საზოგადოება“.


1918 წლის ოქტომბრიდან მ. სუმბათაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელია ქალაქ ბერნში (შვეიცარია), სადაც მან აქტიური მოღვაწეობა გააჩაღა. მის აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით შვეიცარიული გაზეთი წერდა: „რუსეთის დაშლის შემდეგ აღმოცენებულ სახელმწიფოთა შორის არის ერთი, რომლითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს შვეიცარია: ეს გახლავთ საქართველო, თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ქვეყანა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულის, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, სადაც ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ უკვე მიაღწია წარმატებასა თუ სიმდიდრეს და სავსებით დაინტერესებული ვართ მასთან ურთიერთობის გაღრმავებით. საქართველოს, რომელიც გადაურჩა ბოლშევიზმს, აქვს შეძლებისდაგვარად ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია და იმედოვნებს, რომ სულ მალე იხილავს თავის დამოუკიდებლობას, აღიარებულს მსოფლიოს სახელმწიფოთა მიერ. ოფიციალურად ცნობის მოლოდინში საქართველომ ბერნში მოავლინა თავისი დიპლომატიური წარმომადგენელი.... იგი ეძებს გზებს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისთვის. არსებობს უამრავი ნაწარმი, რომელიც ომამდე ჩვენში საქართველოდან შემოდიოდა ჰამბურგის გავლით, რაც საშუამავლო გარიგებების შედეგი იყო. აქედან, ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისათვის, რათა პირდაპირ მივიღოთ ისინი კავკასიიდან, სადაც ჩვენი პროდუქციისათვის ასევე მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარი არსებობს და ჩვენი მრეწველები მთლიანად დაინტერესებული არიან, რათა იგი არ იქნეს მონოპოლიზებული სხვათა მიერ - ამისათვის კი საკმარისია ვიყოთ პირველები საქართველოში, გაიგზავნოს სამრეწველო მისია მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად“.


ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივ. მიკროფ. ასლები, საქ. 772;
  • Journal Illustreé (ილუსტრირებული გაზეთი), 1 ოქტომბერი, 1919 №679;
  • ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წ. წ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბ., 1994;
  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, „მეცნიერება“, თბ., 2003.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები