საქართველოს დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – შეიქმნა 1992 ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პროფ. მ. თოდუას ინიციატივით ამავე უნივერსიტეტთან. ფუნქციონირებდა 2006-მდე. ინსტიტუტს 1992-იდან ხელმძღვანელობდა პროფ. ტ. ფუტკარაძე, რომელმაც შეიმუშავა ინსტიტუტის სამუშაო სპეციალური პროგრამა-ინსტრუქცია და ჩამოაყალიბა მომძიებელთა ჯგუფები.

ინსტიტუტის ძირითადი მიზანი იყო ქართველურ ენათა დიალექტების, ქართველურ ტომთა ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის შესწავლა (მასალის ჩაწერა, მეცნიერული დამუშავება, გამოცემა).

მომძიებელთა სამკაციანი ჯგუფები ენათმეცნიერის, ფოლკლორისტისა და ეთნოგრაფის შემადგენლობით წინასწარ შერჩეულ დასახლებულ პუნქტებში სპეციალური პროგრამა-ინსტრუქციის მიხედვით უწყვეტად მუშაობდნენ ერთი წლის განმავლობაში მაინც. ამგვარი კომპლექსური მუშაობა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად აღიწეროს ფოლკლორი, წეს-ჩვეულებანი, წელიწადის სხვადასხვა დროისათვის დამახასიათებელი ყოფა, ბუნებრივი მოვლენების ყველა ასპექტი და მათი ენობრივი „სამოსელიც“; სპეციალური დარგობრივი კითხვარების საფუძველზე მაგნიტოფონით ჩაწერილი მასალა ერთნაირად საინტერესოა ენათმეცნიერის, ფოლკლორისტისა და ეთნოგრაფისთვის; ასევე სოციოლოგისა და ფსიქოლოგისათვისაც. ჯგუფების მიერ ჩაწერილი მასალის გადაწერის სიზუსტეს ამოწმებდნენ ტექსტის რედაქტორები; ზანურ-სვანურ მასალას უკეთდებოდა პირდაპირი, პწკარედული თარგმანი ქართულ ენაზე. ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა ინახება განუსაზღვრელი ვადით.

ინსტიტუტი ყოველი წლის 9–13 მაისს ატარებდა სამეცნიერო სიმპოზიუმს – „ქუთაისური საუბრები“, სადაც, თანამშრომელთა გარდა, მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის თუ საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების ენათმეცნიერები, ეთნოგრაფები, ფოლკლორისტები (როგორც წესი, ფოლკლორისტთა და ეთნოლოგთა მოხსენებებში გაანალიზებული იყო ქართველურ ენათა დიალექტური და ონომასტიკური მასალა). სიმპოზიუმის მასალები იბეჭდებოდა ქართულ და ინგლისურ ენებზე სახელწოდებით „ქუთაისური საუბრები“. ინსტიტუტი გამოსცემდა პერიოდულ სამეცნიერო ორგანოს „ქართველური მემკვიდრეობა“.

ე. ჭანტურიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები