საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა (სესპ)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა (სესპ) – სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის მაკონტროლებელი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, შეიქმნა 1997 წ. 24 იანვარს (თავმჯდომარე ლ. ღვინჯილია).

პალატა თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პარლამენტის დადგენილებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

სესპ ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრეზიდენტის წინაშე: ჰქონდა დამოუკიდებელი ბალანსი და შესაბამისი ანგარიშები ბანკში, სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი. პალატის დაფინანსება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სესპ-ს ეკისრებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ორგანოს, უწყების, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს იურისდიქციაში მყოფი არასახელმწიფო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) საქმიანობაში ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსისა და სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება, არაქართულენოვანი მოსახლეობის ენობრივი ინტერესების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და სხვ.

სესპ უფლებამოსილი იყო, თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მიეღო გადაწყვეტილება, რომელთა შესრულება სავალდებულო იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოსათვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის.

სესპ-თან შექმნილი იყო გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისია, შემადგენლობასა და სტრუქტურას ამტკიცებდა და თავმჯდომარეს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი, აღნიშნულ კომისიას ხელმძღვანელობდა პალატის თავმჯდომარე.

სესპ-ს ჰქონდა სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში შესაბამისი სამმართველოებისა და განყოფილებების სახით. ადგილობრივი საქმიანობის უკეთ ორგანიზებისა და კოორდინირების მიზნით შექმნილი იყო ათი სამხარეო დეპარტამენტი, რომლებშიც ერთიანდებოდა რაიონული და საქალაქო სამსახურები.

სესპ-ის ლიკვიდაცია მოხდა საქართველოს მთავრობის 2004 წ. 23 ოქტომბრის №86 დადგენილებით. მისი სამართალმემკვიდრეა სახელმწიფო ენის სამმართველო.

ლ. ღვინჯილია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები