საქართველოს მყინვარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მყინვარებისაქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე მყინვარების გავრცელება განპირობებულია ატმოსფერული პროცესების თავისებურებებით, რელიეფის მორფოლოგიურ-მორფომეტრიული პირობებით და მათი ურთიერთქმედებით. გამყინვარების ძირითადი კერები დაკავშირებულია კავკასიონის წყალგამყოფ ქედთან და ყაზბეგის მასივთან. გამყინვარების ცალკეული კერები არის კავკასიონის შტო ქედებზე: ბზიფის, კოდორის, სამეგრელოს, სვანეთის, ლეჩხუმის, პირიქითის და სხვ.

საქართველოში სულ 786 მყინვარია, საერთო ფართობით - 555,9 კმ. მყინვარები ძირითადად თავმოყრილია მდინარეების ენგურის, რიონის, კოდორის და თერგის აუზებში. ამ აუზებზე მოდის საქართველოში აღრიცხული მყინვარების 85,2% და ფართობის 94,9%. მდ. ენგურის აუზის წილად მოდის საქართველოს მყინვარების საერთო რაოდენობის 38,0% და ფართობის 57,7%. ენგურის ხეობაშივეა განლაგებული საქართველოს უდიდესი მყინვარები: ლეხზირი (35,8 კმ², სიგრძე 12,2 კმ), წანერი, ჭალაათი, ადიში, ხალდე და სხვ. კავკასიონის მყინვარებს შორის ყველაზე დაბლა, ტყის ზონაში, ჩამოდის მყინვარ ჭალაათის ენა – 1850 მ-ზე. ძალზე ლამაზია მყინვარი ადიში (სიგრძე 7,6 კმ, ფართობი 10,2 კმ ). მისი ფირნის ველი 4000 მ-ზე მაღლა, გლაციალურ ზონაში მდებარეობს. ფირნიდან გამოსვლის შემდეგ იგი ივითარებს 1500 მ სიმაღლისა და 800 მ სიგანის გრანდიოზულ ყინულვარდნილს, ხოლო 2,5 კმ სიგრძის მყინვარის ენა მარაოსებურად მთავრდება 2380 სიმაღლეზე. რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილი მდ. კოდორის აუზის მყინვარებს უკავია − 20,4%. შემდეგ მოდის მდინარეების – რიონის (14,3%) და თერგის (12,6%) აუზები. გამყინვარების ფართობით მდ. რიონის აუზზე მოდის 13,5%, მდ. თერგის აუზზე – 12,1%, ხოლო მდ. კოდორის აუზზე – 11,6%. საქართველოს დანარჩენ მდინარეთა აუზები ბევრად ჩამორჩებიან ზემოაღნიშნულთ როგორც მყინვარების რაოდენობით (10,1%), ისე ფართობითაც (3,41%).

საქართველოში სხვადასხვა მორფოლოგიური ტიპის მყინვარებია: ხეობის რთული, ხეობის, კარული, კარულ-ხეობის, დაკიდული, დაკიდულ-ხეობის. მყინვარების მორფოლოგიური ტიპები ძირითადად წარმოიქმნა XIXს. დასაწყისში, როდესაც დამთავრდა უკანასკნელი სტადიალური გამყინვარების მაქსიმალური ფაზა. რაოდენობის მიხედვით წამყვანი ადგილი კარული ტიპის მყინვარებს ეკუთვნის (56,4%), ფართობით კი – ხეობის ტიპის მყინვარებს (57,1%); აღსანიშნავია, რომ ხეობის რთული ტიპის მყინვარები ათია (155,7 კმ² ფართობით), დაკიდული-ხეობის ტიპის მყინვარები მხოლოდ ყაზბეგის მასივზე გვხვდება. მათგან გამოირჩევა დევდორაკი (სიგრძე 7,0 კმ, ფართობი 7,5 კმ ). დევდორაკის მყინვარი ცნობილია მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით, ზოგჯერ ყინულოვანი ზვავი მდ. თერგის შეგუბებას იწვევს.

საქართველოს მყინვარები ზომების მიხედვით პირობითად სამ ჯგუფად იყოფა: მცირე ზომის – 0,5 კმ²-მდე, საშუალო – 0,51-2,0 კმ² და დიდი ზომის – 2,01 კმ² და მეტი. რაოდენობის მიხედვით მცირე ზომის მყინვარები სჭარბობენ (76,0%), ხოლო ფართობით კი დიდი ზომის მყინვარები (53,5%).

საქართველოში ყველა ექსპოზიციის მყინვარი გვხვდება. რაოდენობით (20,7%) და ფართობით (23,5%) დომინირებს სამხრეთ ექსპოზიციის მყინვარები.

თანამედროვე გამყინვარებისა და მყინვარების რეჟიმის ხასიათის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა აქვს ფირნისა და თოვლის ხაზების სიმაღლით მდებარეობას. დასავლეთ კავკასიონზე ფირნის ხაზის საშუალო სიმაღლე 3050 მ-ია, ცენტრალურზე (დასავლეთ საქართველოს ფარგლებში) – 3350 მ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე (აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში) – 3450 მ. 1890-1980 წლების პერიოდში კავკასიონზე ფირნის ხაზმა აიწია 180 მ-ით. თოვლის ხაზის მდებარეობა განისაზღვრა სხვადასხვა მეთოდებით. დასავლეთ კავკასიონზე იგი მდებარეობს 4100-4200 მ-ზე, ცენტრალურ კავკასიონზე 4200-4300, აღმოსავლეთ კავკასიონზე კი 4300-4500 მ-ზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ თოვლისა და ფირნის ხაზების მდებარეობის სიმაღლით აწევას, სხვა ფაქტორებთან ერთად, კავკასიონის სუბგანედური მიმართულებაც განაპირობებს.

დედამიწის კლიმატის გლობალურმა დათბობამ მსოფლიოს ყველა რეგიონშიდა, მათ შორის, კავკასიონზეც მყინვარების შემცირება გამოიწვია. 1890-1980 წლებში საქართველოში გამყინვარების ფართობი 9,5%-ით შემცირდა, ხოლო მყინვარების რაოდენობა 51,7%-ით გაიზარდა. რაოდენობის გაზრდა გამოწვეულია მყინვარების უკან დახევისას მათი გაყოფით.

კავკასიონზე მყინვარებმა XIX-XX სს. ძლიერი ცვლილებები განიცადეს. მყინვარების ენები სიგრძეში საშუალოდ 15%-ით, ხოლო მათი ფართობები 16,0%-ით შემცირდა. მყინვარების შემცირების მაჩვენებლები, როგორც სიგრძეში, ასევე ფართობსადა მოცულობაში განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უკანდახევის ტემპის მიხედვით გამოიყოფა მყინვართა სამი ჯგუფი: პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან მყინვარები, რომელთა ენებმა უკან დაიხიეს 1,5 კმ და მეტით. აქ შედიან ხეობის რთული ტიპის მყინვარები. მეორე ჯგუფში ერთიანდებიან კარული და ხეობის მარტივი ტიპის მყინვარები, რომელთა ვრცელი ფირნები მაღალ ჰიფსომეტრიულ საფეხურზე მდებარეობენ და ენებზე მკვეთრი საფეხურები აქვთ. მათი ენების უკან დახევა შეადგენს 1,0 კმ-ზე ნაკლებს. მყინვარების საერთო უკან დახევის ფონზე შეინიშნება მცირე დროით მყინვარების წინ წამოწევა, რაც მზის აქტიურობასთან არის დაკავშირებული.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები