საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება - (შემოკლებით „საქართველოს ჰელსინკის კავშირი”) არის თანამოაზრეთა პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოში 1976 წელს შექმნილი ჰელსინკის ხელშეკრულებისათვის ხელშემწყობი ჯგუფის, შემდგომ „საქართველოს ჰელსინკის კავშირისა” და მოგვიანებით მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანიზაციის საქმიანობისა და ტრადიციების გამგრძელებელი და სამართალმემკვიდრე. კავშირი მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს საკუთარი სიმბოლიკა, ბეჭედი, შტამპი, სამკერდე ნიშანი, ბლანკი კავშირის სიმბოლიკის გამოსახულებით და ანგარიში ბანკში.

კავშირი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმებისა და წესდების საფუძველზე.

კავშირის თავმჯდომარე (პრეზიდიუმის თავმჯდომარე): ნუკრი ბაღდავაძე.

კავშირის დევიზი: „დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფო და პიროვნების თავისუფლება”

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე.

დაარსების ინიციატორები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა.

ბეჭდვითი ორგანო: „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ და „მატიანე”, 1990 წ.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” 1976 წლიდან არის „საერთაშორისო ამნისტიის” (ცენტრი – ლონდონში) წევრი, 1990 წლიდან არის „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ასოციაციის” (მაინის ფრანკფურტი) ასოცირებული წევრი.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” პირველი რეგისტრაცია – 1990 წელს, შემდგომი ხელახალი რეგისტრაციები: 1997, 1998, 2000, 2002, 2005, 2009, 2013, 2017წ.წ.

სარჩევი

კავშირის მიზნები

კავშირის მიზანია საქართველოს სრული პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის, საქართველოს ერთიანობის უზრუნველყოფის, განათლებული სამოქალაქო და სოციალური სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების გზით საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინება, რეალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, უნიტარული სახელმწიფო წყობილების შექმნა და განმტკიცება, მისი შემდგომი ყოველმხრივი აღორძინება სახელმწიფო მართვაში მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით.

კავშირის საქმიანობის ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა. კავშირი აღიარებს ადამიანისა და საზოგადოების ღირებულებებს, გამოხატავს მოქალაქეთა ინტერესებს, დაფუძვნებულს სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური ჰარმონიის პრინციპებზე, ზნეობის პრიმატისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით იცავს და ამკვიდრებს ეროვნული თვითმყოფადობის, დემოკრატიისა, სამართლებრივი სახელმწიფოსა და თვითმმართველობის იდეალებს.

კავშირის ამოცანები

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებ”-ის ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

კავშირის საპროგრამო პრიორიტეტები

  1. საგარეო პოლიტიკა: დასავლეთზე ორიენტირებული „კავკასიური სახლი”.
  2. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული.
  3. სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო.
  4. ეკონომიკა: კერძო საკუთრება კერძო მესაკუთრის ინიციატივითა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით.

ორგანიზაციული სტრუქტურა

ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – პრეზიდიუმი (ირჩევა 4 წლით – 7 წევრი: ნუკრი ბაღდავაძე – თავმჯდომარე, რატი გაგოშიძე – თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრები: ნოდარ კიკნაძე, თორნიკე ამაშუკელი, მირიან მაღრაძე, მალხაზ მუსერიძე და დავით კაპანაძე. წევრთა რაოდენობა: 3500, აქტიური – 1500. 12 რეგიონალური და 50 რაიონული ორგანიზაცია.

არჩევნები

საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, ბლოკმა მიიღო ხმების 54%. პარტიას ჰყავდა 14 წარმომადგენელი პარლამენტში: 9 – პარტიული სიით, 5 – მაჟორიტარი.

1992, 1995, 2003, 2004, 2008, 2012, 2016 წ. წ.(გარდა 1999 წლისა) საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, გამოაცხადა ბოიკოტი, ეროვნული დაუმორჩილებლობა არადემოკრატიული საარჩევნო კანონისა და მმართველობის უზურპაციული ფორმების გამო.

1998, 2005, 2008, 2011, 2014, 2017 წ. წ. (გარდა 2002 წლისა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა არადემოკრატიული საარჩევნო კანონისა და მმართველობის უზურპაციული ფორმების გამო.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას.

1995, 2000, 2005, 2009, 2013 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა. პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული -ელმირა მესხიშვილი.

ძირითადი პრინციპები

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” ძირითადი პრინციპებია:

  1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამართლებრივი გადაწყვეტა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. სამართლებრივი და კანონიერი ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-აღორძინებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა;
  2. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური უპირატესობანი, დამოუკიდებლად შესძლოს პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა და კავკასიის სტაბილურ რეგიონად გადაქცევა;
  3. საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობა, სახელმწიფოს საზღვრებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემატური საკითხების ნორმატიული ბაზების შექმნა;
  4. ისეთი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელშიც გაცხადდება და განივთდება ქართველი ხალხის ნება;
  5. საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბებული უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. მთავარი ამოცანაა ისტორიული ფუნქციის აღდგენა კავკასიაში და ყოველმხრივ თანაბარუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობის განვითარება, მშვიდობიანი სახელმწიფო კურსი მსოფლიო ასპარეზზე, გეოსტრატეგიულ ინტერესთა გადაკვეთაში საქართველოს ადგილის დამკვიდრების გაღრმავება, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
  6. სახელმწიფოს ეკონომიკის სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ეროვნულ-ტრადიციული ეკონომიკის თანამედროვე ინდუსტრიულ საფუძველზე მოწყობას და დემოკრატიულ მმართველობას. აქედან გამომდინარე საკუთარი ეკონომიკით მსოფლიო ეკონომიკურ ინტეგრაციაში თანამშრომლობის დამყარება;
  7. სუვერენული სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის მიღწევა, მათი შრომის უფლების რეალიზაცია, სიღარიბის დაძლევა, უნდა შემუშავდეს მთლიანად ქვეყნისა და ასევე რეგიონალური სოციალური პროგრამები, უნდა დამკვიდრდეს სოციალური სამართლიანობა და სოციალურად ორიენტირებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა;
  8. საფინანსო სისტემა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცების ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გადაიქცეს. საფინანსო სტრატეგიული კონცეფციების რეალიზაცია უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად;
  9. სახელმწიფოს თავდაცვის ბაზისის შექმნასა და აღორძინებაში უმნიშვნელოვანესია ეროვნული ღირსების იდეა, რომელიც ქვეყნის ძირითად მსოფლმხედველობის პრინციპს უნდა წარმოადგენდეს;
  10. მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის, დაშვებულ შეცდომათა აღიარება-მონანიებისა და მიტევების გზით უნდა შეიქმნას პირობები, საფუძველი და გარანტი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენის, ოკუპაცია-ანექსიის შედეგების ლიკვიდაციისა და საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინებისათვის. საჭიროა მკაფიო, თანამიმდევრული პოლიტიკური კურსისა და მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი საფუძვლების დამცავ მექანიზმად ამოქმედდება;
  11. სახელმწიფოს აუცილებელია ჰქონდეს შეფარდებითი სამართალი, რომლიდანაც გამომდინარე ადამიანის ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება წარმოადგენს ღირსების უზრუნველყოფის, თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიულ და სამართლებრივი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საძირკველს;
  12. სახელმწიფოს შეფარდებით სამართალს საფუძვლად უნდა დაედოს სულიერ ღირებულებათა უპირატესობის აღიარება. ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობა, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრება, საკუთარი იერ-სახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრეობა;
  13. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სისხლხორცეულ საქმედ;
  14. მთლიანად გადასახალისებელია საარჩევნო სისტემა და კანონი, რომელიც უნდა ემყარებოდეს ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა და აღმშენებლობის პრინციპებს, სამართლეებრივი სახელმწიფოს არსებობის საფუძვლებს;
  15. უნდა განმტკიცდეს ქრისტიანული მართლმადიდებლური ქართული ტრადიციული რელიგია. ერისა და ქვეყნის სულიერი, ზნეობრივი ამაღლებისათვის აღიარებული უნდა იქნეს რწმენისა და სინდისის თავისუფლება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები