საქართველო-უზბეკეთის ხელშეკრულება და შეთანხმებები
საქართველო-უზბეკეთის ხელშეკრულება და შეთანხმებები
სარჩევი |
ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ
ხელი მოეწერა ქ. ტაშკენტში 1995 წლის 4 სექტემბერს. საქართველოს რესპუბლიკის სახელით ხელი მოაწერა ე. შევარდნაძემ, უზბეკეთის რესპუბლიკის სახელით – ა. ქარიმოვმა.
იგი შედგება პრეამბულისა და 19 მუხლისაგან, მასში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ საქართველო და უზბეკეთი არიან მეგობრული სახელმწიფოები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; არ მიიღოს მონაწილეობა ისეთ კავშირებში, რომლებიც მიმართული იქნება ერთმანეთის წინააღმდეგ. მხარეები დიდ ყურადღებას უთმობენ თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, სპეციალური), ასევე ეკოლოგიის დაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას. ხელშეკრულება დაიდო ხუთი წლის ვადით, მოქმედების შემდგომი გაგრძელების პირობით. ძალაში შევიდა 1997 წლის 22 მაისს, სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღეს.
შეთანხმება დამნაშავეობის წინააღმდეგ ბროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ხელი მოეწერა ქ. ტაშკენტში 1995 წლის 4 სექტემბერს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ბ. გულუამ, უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით – მ. ჟურუმბეკოვმა.
შეთანხმება შედგება პრეამბულისა და 15 მუხლისაგან. მასში აღნიშნულია. რომ მხარეები მიისწრაფვიან, უზრუნველყონ ადამიანის სიცოცხლის, უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების, აგრეთვე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების საიმედო დაცვა ხელყოფისაგან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ცენტრალური კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით განახორციელებენ თანამშრომლობას დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ამ შეთანხმების მიზნებისათვის ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოებად ითვლებიან: საქართველოს რესპუბლიკისთვის – იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტი. უზბეკეთის რესპუბლიკისათვის – სახელმწიფო საგადასახადო კომიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ეროვნული უშიშროების სამსახური. შეთანხმების შესრულების მიზნით ცენტრალური კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ ამყარებენ კავშირებს.
შეთანხმება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდანვე – 1995 წლის 4 სექტემბერს. იგი იმოქმედებს ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისგან მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლამდე.
შეთანხმება საწარმოო კოოპერაციის შესახებ
ხელი მოეწერა ქ. ტაშკენტში 1995 წლის 4 სექტემბერს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ბ. გულუამ, უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით – მ. ჟურუმბეკოვმა.
შეთანხმება შედგება პრეამბულისა და 16 მუხლისაგან. მასში აღნიშნულია, რომ მხარეები აცნობიერებენ ეკონომიკური, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას; ითვალისწინებენ საწარმოო და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოტენციალებს შორის არსებულ ტექნოლოგიურ ურთიერთკავშირებს; აღიარებენ საბაზრო ურთიერთობების საფუძველზე ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნაში ორივე სახელმწიფოს სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების პირდაპირი საწარმოო ურთიერთობების გადამწყვეტ როლს. ისწრაფვიან, უზრუნველყონ ხელსაყრელი პირობები დაწესებულებებსა და დარგებს შორის საწარმოო კოოპერაციის მხარდაჭერისა და ურთიერთსასარგებლო განვითარების ხელშეწყობისათვის. გამოხატავენ მზადყოფნას. ხელი შეუწყოს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის განმტკიცებას და განავითარონ ურთიერთობები ვაჭრობის სფეროში ტარიფებსა და ვაჭრობაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ხელმძღვანელობენ განუხრელი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის, თავიანთ მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების, დასაქმების ზრდის, მატერიალური და ადამიანთა რესურსების ეფექტური გამოყენებისა და გარემოს დაცვის მიზნით.
შეთანხმება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღეს – 1995 წლის 4 სექტემბერს. იგი ძალას კარგავს რომელიმე მხარის მიერ მეორე მხარისგან ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის შემდეგ.
შეთანხმება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ხელი მოეწერა ქ. ტაშკენტში 1997 წლის 23 მაისს. საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ნ. ლეკიშვილმა, უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით – მ. ჟურუმბეკოვმა. შეთანხმება შედგება პრეამბულისა და 10 მუხლისაგან. მასში კიდევ ერთხელ დადასტურებულია, რომ მხარეები ხელმძღვანელობენ მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მისწრაფებით, ისინი იღებენ მხედველობაში ტურიზმის მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პროგრესში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში თანასწორი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას ორივე სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკის სფეროს, სოციალური განვითარების, კულტურის მოღვაწეთა, გარემოსა და ღირსშესანიშნაობების, ასევე ორივე ქვეყნის ხალხთა კულტურული ტრადიციებისა და ისტორიული ძეგლების გაცნობის მიზნით.
შეთანხმება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღეს – 1997 წლის 23 მაისს. მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 5 წლის პერიოდის, თუ არც ერთი მხარე, წერილობითი ფორმით, არ შეატყობინებს მეორე მხარეს შესაბამისი ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა მისი მოქმედების შეწყვეტაზე თავის განზრახვას.