საქსაული
საქსაული (ლათ. halóxylon) – დაბალი ტანის ხის ჯიში, მეტწილად ბუჩქის სახით. სიმაღლე 12 მ-მდე. აქვს ფაშარი ან ხშირი ვარჯი, ზოგჯერ დაკიდებული, მტვრევადი ტოტებით. დანაწევრებულ მწვანე ყლორტებზე უფერული, ქერცლისებრი, წვრილი ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ, ზოგჯერ ისინი ხორკლის მსგავსია. საქსაულის 10-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში, ირანში, ავღანეთში, შუა აზიაში, მიანმასა (მიანმარის კავშირის რესპუბლიკა, აგრეთვე ბირმა) და ჩინეთში, უმეტესად ბარის ქვიშიან და მლაშობ უდაბნოებში. ის საუკეთესო მცენარეა გასამწვანებლად და მოძრავი ქვიშის გასამაგრებლად. მერქანი მაღალი მექანიკური თვისებებით ხასიათდება. გამოიყენება წვრილი ნაკეთობების დასამზადებლად, აგრეთვე საწვავ მასალად (შეშად), რადგან ახალმოჭრილი საქსაულის ტენიანობა 20%-ს არ აღემატება.