საღვთო მაღალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საღვთო მაღალიმთიულეთში, ხადაში საღვთო სალოცავი ადრე მაღალ წვერზე ყოფილა. მლოცავი ყოველწლიურად ადიოდა ამ მთაზე, აჰყავთდათ საკლავი, მიჰქონდათ ქვაბი ხორცის მოსახარშად...

ერთხელ აკვნიანი დედაკაცი ასულა ბავშვის შესახვეწად სალოცავისთვის. საღვთოს არ მოსწონებია დედაკაცის მოსვლა და ბავშვიანი აკვანი მთიდან დაუგორებია. დაგორებულა თავმოჭრილი კურატიც, ხორციანი ადუღებული ქვაბიც აფრენილა მაღლიდან და ქვემო ხევში, ზვავზე დაფრენილა. იფიქრეს, აკვანი დაილეწა და ბავშვიც დაიღუპაო, დაჰყვა თურმე ხალხი იმ დაგორებულ აკვანს, ჩამოვიდნენ და სადაც ზვავებია, იქ თოვლზე ათუხთუხებული ქვაბი დაინახეს. თავმოჭრილი კურატიც ფეხზე დგას გამრთელებული და აკვანიც იქვეა, არც დალეწილა და არც ბალღი მომკვდარა. აკვანზე მტრედი ზის და არწევს. დაღულუნებს და ართობს ჩვილს. დედას აუკიდნია აკვანი, აუნთია ერთი მტკაველა სანთელი და აკვნის კამალებზე მოუკრავს და, სანამ სერზე ავიდა, ის სანთელი არ დამწვარა.

საღვთო მაღალს ეძახიან ახლა იმ ადგილს, სადაც ეს ამბავი მოხდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები