საყბური
საყბური − სამკაულის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ყბაზე ქვემოდან შემოტარებით თავსაბურავზე, ლეჩაქზე იმაგრებდნენ.
საყბურად ქარვისა და სხვადასხვა ფერის წვრილი მძივების გრეხილს იყენებდნენ. მძივებს ძეწკვზე ანდა წვრილ ძაფზე ასხამდნენ, შემდეგ რამდენიმე ასხმას ერთმანეთზე გადაგრიხავდნენ და საყბურის ბოლოებს ფენის ნაპირებზე მიამაგრებდნენ. პატარძალი საყბურს ოცდაათ წლამდე ატარებდა. ნაირფერი წვრილი მძივებით და ლითონის პატარა ფირფიტებით ლეჩაქის წინა ნაწილი იმკობოდა.
თავსამკაულის ეს სახეობა ძველ საქართველოში ცნობილი იყო „საყბეურის” სახელწოდებით. მაგალითად მზითვის წიგნში, რომელიც ქსნის ერისთავის ასულს ანას ეკუთვნოდა, ნათქვამია: „გამოგვიტანებია პატიოსანი გაიდელი მისის საყბეურითა”. საყბეურის მორთულობა მოცემული იყო ანუკა ბატონიშვილის 1712 წლის მზითვის წიგნშიც: − „გამდელი ერთი ... კარგითა და პატიოსანის მარგალიტის საყბეურითა”.
ლიტერატურა
სამსონია, 2005:83; ჯავახიშვილი, 1962.