საჭილაოს შეთანხმება
საჭილაოს შეთანხმება – 1803-04 გაფორმებული ხელშეკრულება სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანსა და რუსეთს შორის, თვით სამეგრელოს, დადიანის დაჟინებითი მოთხოვნით (სოლომონ II-ის წინააღმდეგ). ჯერ კიდევ მთავარსარდალმა ა. ციციანოვმა 1803 წლის ივლისში სამეგრელოსთან სამფარველო ტრაქტატი გააფორმა. 2 ოქტომბერს მთავარმა ხელი მოაწერა რუსეთის მთავრობის მიერ ნაკარნახევ სამფარველო ხელშეკრულებას, მაგრამ სამფარველო აქტს ოფიციალური ხასიათი მხოლოდ დეკემბერში მიეცა.
1804 წლის 4 ივლისს რუსეთის იმპერატორმა ხელშეკრულება დაამტკიცა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სამეგრელოს სამთავრო ამიერიდან ფაქტობრივად ექცეოდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში (შეერთების სტატუსით) შეზღუდული ავტონომიური უფლებების. რუსეთის სამხედრო მბრძანებლობა და სამთავროს საშინაო უფლებებში ჩარევის ყოველგვარი შესაძლებლობა დადიანს რუსეთის ისეთ თავისებურ ვასალად ხდიდა, რომელსაც თავისი მოხელეობის – „მთავრობის“ სამემკვიდრო უფლებები ენიჭებოდა. ავტონომიური თვითმმართველობის ასეთი ფორმა იყო გარდამავალი საფეხური სამთავროს სრული ლიკვიდაციისკენ.