სახელზმნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელზმნა – გრამატიკული ფორმა, რომელსაც მოეპოვება როგორც სახელის, ისე ზმნის ნიშნები. ტერმინი შემოღებულია ანტონ I-ის მიერ „ქმნისა“ და „ვნების“ გამომხატველ სიტყვათა აღსანიშნავად, რომელთაც სახელის ნიშნებიც აქვს და ზმნისაც (კერვაჲ, კეთებაჲ); აღნიშნავდა იმას, რასაც დღეს „საწყისს“ ან „მასდარს“ უწოდებენ (ნაზმნარი არსებითი სახელისათვის პირველად ანტონს „ნაკლ-ზმნა“ უხმარია, შემდეგ კი გადაუკეთებია „სახელზმნად”, რამდენადაც იგი უკეთ გამოხატავს ფორმათა არსს). ანტონის აზრით. სახელზმნა ძირია ზმნისა. მისგან იწარმოება ზმნა „მაუღლებელ, მაპიროვნე და მამრავლე“ ნიშანთა დართვით. განსხვავებულ კვალიფიკაციას აძლევდა ანტონი „კეთებად“ ტიპის ფორმებს და ისინი „უჩინო სქესად“, „განუსაზღვრებელ კილოდ“ მიაჩნდა სხვა ენათა ინფინიტივის შესაბამისად. საინტერესოა, რომ მას თავიდანვე შეუნიშნავს ამ ფორმათა (კეთებაჲ – კეთებად) და მათ კონსტრუქციათა შორის არსებული სხვაობანი. ცხადია, ანტონი სხვა ენათა გრამატიკული სქემების გავლენას განიცდიდა, როდესაც ქართულში ეძებდა ნაზმნარი არსებითი სახელისა და ინფინიტივის შესაბამის ფორმებს, მაგრამ საკუთრივ ქართული მასალის თავისებურებებს სწორად და სრულად აღწერდა.

შემდგომი გრამატიკოსები მიჰყვებიან ანტონის სქემას, აზუსტებენ მის დებულებებს, ზოგჯერ ავსებენ ახალი დაკვირვებებით. დ. ჩუბინაშვილიდან მოყოლებული, „განუსაზღვრელი სქესი“ („წერად“ ტიპის ფორმები) გრამატიკოსთა ყურადღების გარეშე დარჩა, ვინაიდან მათი შესწავლის ობიექტი იყო ახალი ქართული ენა, სადაც ეს ფორმები ძველი ფუნქციით უკვე ცოცხალი აღარ იყო.


რაც შეეხება სახელზმნას, გრამატიკოსთა ერთი ნაწილი მას არსებით სახელებში ათავსებს, ხოლო მეორე კი ზმნის სისტემას მიაკუთვნებს. მაგ. ს. დოდაშვილის აზრით, „სახელზმნანი შეადგენენ სახელთა არსებითთა“. თ. ჟორდანიამ მას ადგილი მიუჩინა არსებითი სახელის ერთ-ერთ შინაარსობრივ ჯგუფში – განყენებით სახელებში. დ. ყიფიანის მიხედვით კი, ნაზმნარ სახელთა (სახელზმნის, მიმღეობის) ადგილი ზმნის სისტემაშია, ისინი „აუცილებელი დასასრულია ზმნის უღვლილებისა“,

ორი განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს დღესაც. ა. შანიძემ გააფართოვა ტერმინ „სახელზმნის“ ფარგლები და იგი მიმღეობებზეც გაავრცელა, ნაზმნარი სუბსტანტივებისთვის კი შემოიღო ტერმინი საწყისი. ა. შანიძის აზრით, სახელზმნები (საწყისი, მიმღეობა) ზმნის უპირო, უუღლებელი ფორმებია (Verbum Infinitum) და უპირისპირდება ზმნის პირიან, უღლებად ფორმებს (Verbum finitum). ორივე ერთად კი არის ზმნა ფართო გაგებით. სხვაგან ავტორს სახელზმნა შუალედურ. გარდამავალ საფეხურად მიაჩნია სახელსა და ზმნას შორის.

სხვა თვალსაზრისით, მასდარი არსებითი სახელია, ფორმაცვალება და სინტაქსური ფუნქციები სახელისა აქვს. თუმცა სხვა სახელებისაგან განსხვავდება როგორც წარმოებით (ზმნისგანაა ნაწარმოები), ისე შინაარსით (ზმნაში აღნიშნული მოქმედების ან ვითარება-მდგომარეობის სახელია. (არნ. ჩიქობავა).

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მასდარი და მიმღეობა გარკვეული სპეციფიკური თავისებურებების გამო ქართული ენის მორფოლოგიურ სისტემაში ქმნიან ცალკე კლასს, რომელიც განსხვავდება ფორმაცვალებადი სიტყვების ორი ძირითადი ტიპისაგან – სახელისა და ზმნისაგან.

დ. ჩუბინაშვილი


ლიტერატურა

  • ანტონ I. ქართული ღრამმატიკა. თბ. 1885;
  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი ენათმეცნიერული დახასიათება – ქეგლ. – ტ.I თბ. 1950;
  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, 1. მორფოლოგია, თბ., 1953;
  • ჩხუბიანიშვილი დ. ინფინიტივის საკითხისათვის ძველ ქართულში. თბ., 1972

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები