სახელმწიფოთა ტერიტორიული უზენაესობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფოთა ტერიტორიული უზენაესობა – სახელმწიფო სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემული სახელმწიფოს ხელისუფლება წარმოადგენს ეს ძალას მისი ტერიტორიის ფარგლებში არსებული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ და ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამორიცხულია სხვა სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლება.

სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში ტერიტორიული უზენაესობა ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების სისტემის მეშვეობით საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციულ და სასამართლო სფეროებში. საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება ვრცელდება როგორც მოცემული სახელმწიფოს საკუთარ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე, ისე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც ამ სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში იმყოფებიან. ტერიტორიული უზენაესობა არ გამორიცხავს გამონაკლისებს გარკვეული კატეგორიის უცხოელი მოქალაქეების მიმართ და მისი ტერიტორიის ფარგლებში უცხოეთის კანონმდებლობის მოქმედებას, ასეთი შეთანხმება გამოიხატება ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში. ტერიტორიული უზენაესობა გამოიხატება იმაშიც, რომ თავისი ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს კანონის შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები თავისი მოქალაქეების და უცხოელების მიმართ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი, თუ ერთი სახელმწიფოს კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, იძულებითი ზომების გამოყენება შემოიფარგლება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიით.

ტერიტორიული უზენაესობა მოიცავს სახელმწიფოს იურისდიქციასაც, ანუ სასამართლო ორგანოების უფლებას, განიხილონ მათ კომპეტენციაში შემავალი საქმეები. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული უზენაესობის ცნება უფრო ფართოა, სახელმწიფოს სრული და განსაკუთრებული ხელისუფლება შეზღუდულია მხოლოდ მისი ტერიტორიით, ხოლო იურისდიქცია, ზოგიერთ შემთხვევაში, ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება.

თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თანახმად, არავის არა აქვს უფლება ძალისმიერად ჩამოართვას სახელმწიფოს მისი ტერიტორია, რაც ადასტურებს სახელმწიფოს ტერიტორიის ხელშეუხებლობისა და მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობისა და ურღვეობის პრინციპებს. ტერიტორიული უზენაესობის განხორციელება არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება არსებობდეს ცალკეული შეზღუდვები ან აკრძალვები. მაგ. სახელმწიფოს მოქმედება, რომელიც ნებას რთავს სხვა სახელმწიფოს თავისი ტერიტორიიდან განახორციელოს აგრესია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ, კვალიფიცირდება როგორც აგრესიის აქტი, განხორციელებული იმ სახელმწიფოს მიერ, რომელმაც გადასცა თავისი ტერიტორია. სახელმწიფო ტერიტორია შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სხვა სახელმწიფოებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები