საჯაია ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე საჯაია

საჯაია ალექსანდრე – (1916 – 1944), ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ზუგდიდში. 1940 წელს დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა, 1938 წელს პირველი პოეტური კრებული. ალექსანდრე საჯაიას კრებულებია: „ნაადრევი ვარდები“ (1987), „ჩემი ზღაპრები“ (1944), „ლექსები“ (1947), „ორი ზღაპარი“ (1949), „რჩეული“ (1955 ), „ლექსები“ (1967), „რჩეული“ (1970). თარგმნილი აქვს შექსპირის, შელის, ედგარ პოს, ლონგფელოს ნაწარმოები.


ძველი ჩონგური
ნიავს ვუსმენდი: ჩუმი და ტკბილი
ხმა შორეული ჩამწვდა გულამდე;
ჩავიმღერე და ჩავყევი ბილიკს
და ისევ ნიავს მივაყურადე.
წინ იყო მარტო სიბნელის ფარდა,
ტყე-ველი, მუქად გადანაფერი!
სხვა არაფერი, სიმღერის გარდა,
მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი.
ვთქვი: თუ ვინ არის, ხმა სადაური?
(ვერხვებსაც სურდათ, იქნებ, გაგება),
ხევ-ხევ გაჰყვება, მთას გადაუვლის,
და ვარსკვლავებში გადიკარგება?
მღერის, მზე ტრფობით როგორ იწოდა,
როგორ იბრძოდა გმირი ლომგული,
ჩონგურმა ძველად ცრემლი იცოდა.
ნახეთ, რას მღერის ძველი ჩონგური:
ღამე ლამაზი ბევრი მინახავს
მთვარეც, მთა-ველიც გადანაფერი...
ეხ, არაფერი არ მინდა ახლა,
მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები