სევილიელი დალაქი (პიესა)
„სევილიელი დალაქი“ – ფრანგი დრამატურგის, პიერ ბომარშეს, კომედია ოთხ მოქმედებად (1775), ტრილოგია ფიგაროს პირველი პიესა.
ტრილოგიის თითოეულ ნაწილში ფიგაროს პერსონაჟი გარდაისახება, ხასიათის განსხვავებულ თვისებებს ავლენს. „ტრადიციული კომიკური ტიპი, აღმოცენებული ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში, შემდეგ დაკანონებული იტალიური კომედია დელ’არტეს თეატრში და მოლიერის მიერ გარდასახული, ბომარშესთან განიცდის კიდევ ერთ მეტამორფოზას“ – ეს არის ფიგარო. ბომარშემ მაღალი მხატვრული ღირებულებების მქონე კომედია დაუბრუნა ფრანგულ სცენას. პიესაში მოხდა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი საუკეთესო გამოცდილების შერწყმა, რაშიც მისმა ნიჭმა და ცხოვრებისეულმა გამოცდილებამაც დიდი როლი ითამაშა.
ბომარშეს მიერ გამოგონილი სახელის – ფიგაროს – შესახებ არსებობს რამდენიმე მოსაზრება. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ რადგან მოქმედება ესპანეთში ვითარდება, მთავარი გმირის სახელიც ესპანურ სიტყვას „Picaro“ (რაც ნიშნავს ეშმაკს, ცბიერს, გაიძვერას) უკავშირდება. სხვების აზრით, პერსონაჟი ხასიათით ძალიან ჰგავს ავტორს, რაზეც თავად ბომარშეც მიუთითებს ფიგაროს სახელის შერჩევით. სახელი ფიგარო წარმოიშვა სიტყვებიდან Fils Caron (კარონის ვაჟი). კარონი, მოგეხსენებათ, ბომარშეს ნამდვილი გვარი იყო.
ბომარშეს მსგავსად, ფიგაროც ნიჭიერია, პრაქტიკული, მოხერხებული, ეშმაკი, თამამი, ენერგიული, მუდმივად მოქმედებაშია და ძალიან მომხიბვლელია. მისთვის გამართლებულია ნებისმიერი მეთოდით მიღწეული წარმატება. დაბალი ფენიდან გამოსული, სწრაფად ითვისებს მაღალი წრის საზოგადოებისთვის დამახასიათებელ თვისებებს და ნებისმიერ სიტუაციას ერგება. სანამ დალაქი გახდებოდა, იყო ლიტერატორი, პოეტი, დრამატურგი. ეს პატივსაცემი მოღვაწეობა კი ფიგარომ უბრალო ხელობას ანაცვალა, რადგან იმ მომენტში მისთვის ხელსაყრელი გახლდათ. იგი ყოველთვის მოქმედებდა მომგებიანი და ხელსაყრელი შედეგის გათვალისწინებით.
სიუჟეტი ბანალურია. გრაფი ალმავივა, ფიგაროს დახმარებით, მოხუც მეურვეს ართმევს როზინას, ექიმ ბარტოლოს საყვარელ ქალს. პიესაში გმირები დაყოფილნი არიან არა სოციალური ფენების, არამედ თავიანთი შეხედულებების მიხედვით. მხიარული, უბრალო გრაფი ალმავივა, რომელიც არ ტრაბახობს მაღალი წარმოშობით, ფიგაროსთან ერთად უპირისპირდება რეაქციონერ ბურჟუებს. ნაწარმოებში სატირულადაა გადმოცემული უარყოფითი პერსონაჟები. პირველ რიგში ბარტოლო, რომლისთვისაც ყველა სიახლე, მიუღებელია – „რა მოგვცა ახალმა ცხოვრებამ, ყველაფერი სისულელე: ენციკლოპედია, მეშჩანური დრამა...“ – ამბობს იგი. თავისი მდგომარეობით გადიდგულებული ექიმი თვლის, რომ ყველაფრის უფლება აქვს და მისთვის ყველაფერი დასაშვებია – ახალგაზრდა ქალის სიყვარულიც კი. მეორე სატირული ფიგურაა როზინას მუსიკის მასწავლებელი ბაზილი – საცოდავი ფარისეველი, რომელსაც ზნეობა არ გააჩნია და თავის გადასარჩენად ყველაფრისთვის მზადაა. ამ ფონზე კიდევ უფრო მომხიბვლელია ენერგიული ფიგარო, ათასგვარი გონივრული ხრიკის გამოგონებით, რითაც ადვილად უპირისპირდება ბარტოლოს და ბაზილს. ფიგარო დაკვირვებულია, კარგად იცნობს ადამიანების მანკიერ და დადებით მხარეებს. აღსანიშნავია მისი მსუბუქი, იუმორით სავსე პირდაპირობა –გრაფს, ერთგულების დამტკიცების სანაცვლოდ, დაუფარავად ეუბნება – შენთან მსახურება ჩემთვის სარგებლის მომტანიაო. ახალგაზრდა მსახურში თავიდანვე დიდი პოტენციალი იკვეთება, რომელიც ნათლად ვლინდება ტრილოგიის მეორე ნაწილში.
„სევილიელი დალაქი“ ბომარშემ ფარსის ფორმით მეგობრების გასართობად დაწერა და რადგან მოწონება დაიმსახურა, კომიკურ ოპერად გადააკეთა. პიესა იტალიური კომედიის თეატრს შესთავაზა დასადგმელად. თეატრმა დაიწუნა. ბომარშემ ნაწარმოები ხუთმოქმედებიანნკომედიად აქცია და მის განსახორციელებლად ფრანგული კომედიის თეატრს დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ პიესამ ცენზურა გაიარა, მისი დადგმა სხვადასხვა მიზეზთა გამო გადაიდო და მხოლოდ სამი წლის შემდეგ განხორციელდა სცენაზე. მაგრამ ამჯერად სპექტაკლი მოცულობის გამო დაიწუნეს. მიზანდასახული ბომარშე ამ წინააღმდეგობასაც არ შეუშინდა და პიესა შეამოკლა, რის შედეგადაც დამსახურებულ წარმატებას მიაღწია.
ნინო ქირია