სელა სათა
სელა სათა || სელი სათა || სიელა სათა (ინგუშ. Села Сата || Сели Сата || ჩეჩნ. Сиела Сата) – ნართული ეპოსის ვაინახური ვერსიების ღვთიური სახის პერსონაჟი, ჭექა-ქუხილის ღმერთის, სელას, ქალიშვილი (ზოგიერთი გადმოცემით, თინინ ვჲუსუსა და მისი ექვსი ძმის დედა, სესქა სოლსას დედობილი), ნათელმხილველი, სელასა და ადამიანებს შორის შუამავალი, გმირთა დამხმარე („ფჰარმათი“); ითვლებოდა ბედისწერის გამგებლად, საპატარძლოებისა და პატარძლების მფარველად, რომლის სახელზე გაზაფხულობით ლოცულობდნენ.
სელა სათას გაჩენის შესახებ ეპიკური სიუჟეტი ნართული ეპოსის ოსური ვერსიის ცენტრალური პერსონაჟის – სათანას – დაბადების სიუჟეტის იდენტურია. თქმულების თანახმად, იყო ერთი არაჩვეულებრივი სილამაზის ნართ-ორსთხოელი ქალიშვილი, რომლის ცოლად შერთვას თვით სელაც კი ამაოდ ცდილობდა. სიკვდილის წინ ქალიშვილმა თანამოძმეებს დაუბარა, სამი დღის განმავლობაში ედარაჯათ მის საფლავთან, რათა სელას წადილი არ აესრულებია. მაგრამ მესამე ღამეს გუშაგად მყოფ ნართ-ორსთხოელთა მეთაურს – სესქა სოლსას – ჩაეძინა. ამით ისარგებლა სელამ, გახსნა საძვალე და მიცვალებული გააუპატიურა. ქალმა იმწუთშივე შვა გოგო, რომელსაც სელა სათა („სელას სათა“) დაარქვეს.
ძველი მითები სელა სათას უკავშირებენ ცაზე ირმის ნახტომის წარმოქმნას. იგი ზეციური ქალიშვილის მიერ საქორწინო სარეცლისათვის მოტანილი ნამჯის ნაკვალევია.
ლიტერატურა
- Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
- Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
- Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931; *Дахкильгов И. А. Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991.