სვინტრი - Polygonatum
მცენარეთა გვარი: Polygonatum — სვინტრი
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, გარეგნულად წააგავს შროშანას ჩამოკიდებული ყვავილებით და ამიტომ ზოგჯერ ყრუ შროშანასაც ეძახიან. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. გვხვდება მთელ საქართველოში.
სამკურნალო ნედლეულს სვინტრის ფოთოლი და ფესურა წარმოადგენს. იყენებენ ნაყენის, ნახარშის, ფხვნილების, მალამოების, საფენებისა და აბაზანების სახით როგორც გარეგანი, ისე შინაგანი დაავადებებისას.
ცნობილია, რომ ამ გვარის სახეობები შეიცავენ სტეროიდულ საპონინებს (Чемверкова и др., 1959). დამტკიცებულია, რომ Polygonatum polyanthemum შეიცავს გლიკოზიდ სმილაგენინს (Керимов, Насудари, 1971).
P.odoratum–ის ფესურიდან გამოყოფილია დიოსგენინი, აგრეთვე გლიკოზიდები ნეოპრაცეგენინი და იამოგენინი.
სვინტრის შორეული აღმოსავლეთის სახეობებიდან სრულადაა შესწავლილი P.stenophyllum-ის მიწისქვეშა ნაწილის სტეროიდული შემადგენლობა. მათგან გამოყოფილია გლიკოზიდები პენოგენინი და დაგენილია მათი აგებულება (Стригина, Кольчук, 1972; Стригина, Исаков, 1980). გარდა ამისა აღნიშნული სახეობის ჯამური გლიკოზიდური ფრაქციიდან იდენტიფიცირებულია აგრეთვე დიოსგენინი და – სიტოსტერინი (Глебко и др., 1985).
თ.კეზელის (1966) გამოკვლევებით, გაზაფხულზე შეგროვილ სვინტრის ფოთლებში ვიტამინების შემდეგი შემცველობა აღინიშნება მგ % : B1 – 0,035; B2 – 0,013; C – 82,0; კაროტინი – 4,3.
საქართველოში მოზარდი სვინტრის სახეობების თანმიმდევრული გამოკვლევები ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. 4 სახეობაში გამოვლინდა გლიკოზიდები და სტეროიდული საპონინები, ასევე ფენოლური ხასიათის ნივთიერებები და ლორწო; დადგენილია კონსტანტური სხვა მაჩვენებლებიც (ერისთავი, კუჭუხიძე, 1969). ამავე ავტორების მიერ პირველად იქნა გამოვლენილი ფლავონოიდები და კუმარინები. მათ მიერვე, სვინტრის ფესურებში ქიმიური ჯგუფების არსებობა შემოწმებულ იქნა ჰისტოქიმიურადაც. კვლევის მიზანს შეადგენდა მიკროქიმიური ანალიზის საშუალებით ქსოვილებში მათი განაწილების დადგენა და რაც მთავარია, სტეროიდული საპონინებისა და გლიკოზიდების ფერადი მიკრორეაქციებით დადასტურების შესაძლებლობების გამოვლენა. საკვლევ ობიექტებად შერჩეული იყო Polygonatum verticillatum. დადგინდა, რომ სტეროიდული საპონინების ლოკალიზაციის ადგილებია – მთლიანად ძირითადი ქსოვილი და განსაკუთრებით კი გამტარი კონების ფლოემური ნაწილი. სავარაუდოა, რომ საპონინების ბიოსინთეზი ხორციელდება მიწისზედა ნაწილებში და ნაკადით ხდება მათი მიგრაცია ფესვებსა და ფესურებში. რაც შეეხება გლიკოზიდებს, მათ დასადგენად წარმატებით იქნა მოდიფიცირებული ბალიეს რეაქცია; დამახასიათებელი ნარინჯისფერ-წითლად პარენქიმის შეფერვა, რაც დაყოვნებისას კიდევ უფრო ინტენსიურად ხდება, ამტკიცებს ამ ქსოვილებში მათ არსებობას. მიკრორეაქცია ლორწოზე დელაფიელდითა და ტუშით დადებითია. სუდან III-ის მოქმედებით კი ვარდისფერად იღებება კორკის ქსოვილი, პარენქიმაში – ცხიმის წვეთები, რაც მიუთითებს მფარავი ქსოვილის სუბერინით გაჟღენთვაზე და ძირითად ქსოვილში ცხიმოვანი ზეთის დაგროვებაზე.
ტიბეტურ მედიცინაში სვინტრს იყენებენ შეშუპებისა და ბუასილის დროს.
რუსულ ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა მწვავე ბრონქიტის, ფილტვების ანთების,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სამკურნალოდ, ჭორფლების მოსაცილებლად,ჭიების დასაყრელად და ჭრილობების შესახორცებლად (Кортиков, 1998). ხოლო უკრაინის ხალხურ მედიცინაში – სიცხის დამწევად, მწვავე ბრონქიტისა და ფილტვების ანთებისას, შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, რევმატიული ტკივილებისა და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებად (Чопик и др., 1983).
ქართულ ხალხურ მედიცინაში სვინტრი სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. თანახმად ქართული ხალხური ფოლკლორისა
- „ჭინჭარი ჭირის ჭირია,
- სატაცური ბალღამია,
- სვინტრი მოდის, მოიძახის
- მე ვარ ყველას წამალია”.
ოდითგანვე ითვლებოდა ჭრილობების, განსაკუთრებით ჩირქოვნების საუკეთესო შემხორცებელ საშუალებად. თანახმად ფანასკერტელ-ციციშვილისა (1978) იგი იხმარებოდა თირკმელების დაავადებებისას. იგივეს აღნიშნავს დავით ბაგრატიონი (1985): „სვინტრი თირკმელსა ძალას მისცემსო”; აქვე მოხსენებულია თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებად. აღსანიშნავია, რომ ნაღრძობ „ძარღვაყრილ” ადგილებს მთიელები სვინტრის ფესურით მკურნალობდნენ. მას ჩეჩქვავდნენ და დაზიანებულ კიდურს შემოახვევდნენ; სვინტრის ძირები თაბაშირივით შემოეხვეოდა კიდურს და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა (მინდაძე, 1981). ზ.შენგელიას თანახმად (1983) სვინტრის ფესურების რძის ნახარშით მკურნალობდნენ მოტეხილობას; მას ასმევდნენ ბავშვებს სიგამხდრისა და ბრონქიალური ასთმის დროს.
სახელმწიფო ფარმაკოპეაში სვინტრი შეტანილი არ არის.