სიბილას წიგნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიბილას წიგნები – საბერძნეთში ძვ. წ. IV საუკუნეში შეაგროვეს ბერძენ ქურუმთა მისნობანი. გადმოცემათა თანახმად, კუმელი სიბილას ლექსად (ჰეგსამეტრით) გამოთქმული წინასწარმეტყველებანი პალმის ფურცლებზე ცხრა წიგნად ჩაუწერიათ. მისანმა ქალმა ეს წიგნები შესთავაზა რომის მეფეს, ტარკვინიუს პრისკუსს (სხვა ვერსიით, ტარკვინიუს ამაყს). ხოლო როდესაც ტარკვინიუსმა უარი თქვა მათ ყიდვაზე, სამი წიგნი დაწვა. მეორეჯერაც შესთავაზა სიბილამ თავისი წიგნები მეფეს და როდესაც კვლავ არ ისურვა მათი ყიდვა ტარკვინიუსმა, კვლავ სამი წიგნი დაწვა. ბოლოს ავგურთა რჩევით, მეფემ სრულ ფასად სამი წიგნი შეიძინა.

რომში დაიძებნა აგრეთვე წინასწარმეტყველებათა სხვა კრებულები: ტიბერისის სიბილას, ალბუნეას მისნობანი და „წიგნნი ძმათა მარტიუსთა“. სიბილათა წიგნები ბერძნულ, ხოლო მარტიუსთა-ლათინურ ენაზე ყოფილა დაწერილი. ამ მისნობათა კრებულებს ერთი სათაურით აერთიანებდნენ და მას „სიბილას წიგნებს“ უწოდებდნენ. იგი ინახებოდა კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარში, ქვის ყუთში და ძვ.წ. 84 წელს ხანძრის ალში დაიფერფლა. ამის შემდგომ შემორჩენილ მისნობათაგან შეადგინეს ახალი კრებული იმავე სახელწოდებით, რომელიც მოგვიანებით შეავსეს იმპერატორებმა ავგუსტუსმა და ტიბერიუსმა. კრებულის დაცვა და მისი განმარტება სიბილას ქურუმებს ევალებოდათ. მეფეთა ხანაში ამ კოლეგიას ორი ქურუმი წარმოადგენდა, მოგვიანებით უფრო მეტი. ისინი ვალდებულნი იყვნენ სენატის წინაშე სათანადო დროს განემარტათ სიბილას მისნობანი. სიბილას წიგნებს არ დაუკარგავთ თავიანთი მნიშვნელობა ქრისტიანობის გამარჯვების შემდეგაც. შემორჩა წინასწარმეტყველებათა 12 წიგნი, რომელშიც გასაოცარი ძალისხმევით არის შერწყმული ბერძნულ-რომაული, იუდეური და ქრისტიანული წარმოდგენები.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები