სიბრტყითი მთლიანკვეთიანი კონსტრუქციები
სიბრტყითი მთლიანკვეთიანი კონსტრუქციები – კონსტრუქციები, რომლებსაც აქვთ მთლიანი განივკვეთი (გისოსის ელემენტების გარეშე) და გარე დატვირთვებისაგან წარმოშობილი შიგა ძალვები მოქმედებენ კონსტრუქციის სიბრტყეში. ასეთი ტიპის კონსტრუქციები შეიძლება იყოს ორი სახის:
1) კოჭები, გრძივები, ნივნივები, დგარები – რომელთა პარამეტრები (სიგრძე, განივკვეთის ზომები) თავსდება გამოყენებული მასალის სორტამენტის მონაცემებში;
2) შედგენილი კოჭები, დგარები, კამარები, ჩარჩოები, სამკუთხა განმბჯენიანი სისტემები – რომელთა გეომეტრიული პარამეტრები აღემატება სორტამენტის მონაცემებს.
სიბრტყითი მთლიანკვეთიანი კონსტრუქციები ძირითადად მზადდება ქარხნული წესით, თუმცა შესაძლებელია მათი დამზადება ადგილზეც – სამშენებლო მოედანზე, კვალიფიციური მუშახელისა და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის არსებობის პირობებში. კონსტრუქციის ტიპის შერჩევისას საჭიროა მხედველობაში იქნეს მიღებული მზიდ კონსტრუქციებს შორის დაშორება (ბიჯი), მოხაზულობა, შემომფარგვლელი კონსტრუქციის სახეობა, კონსტრუქციის ფარდობითი სიმაღლე, ფორმა, განივკვეთის დასაშვები ზომები, არქიტექტურული და ხანძარსაწინაღო მოთხოვნები, ადგილობრივი პირობები, კომერციული მხარე, მშენებლობის ხანგრძლივობა და მრავალი სხვა ფაქტორი.