სივრცითი სამშენებლო კონსტრუქცია
სივრცითი სამშენებლო კონსტრუქცია – კონსტრუქცია, რომლის ღერძული ზედაპირი არ ემთხვევა ბრტყელი კონსტრუქციის შვეულ ღერძულ ზედასივრცითი სამშენებლო კონსტრუქცია. ის გაანგარიშდება ორ სიბრტყეში და ყველა ელემენტი მონაწილეობას იღებს კონსტრუქციის მუშაობაში. სივრცითი მუშაობის ეფექტის გამო სივრცითი სამშენებლო კონსტრუქცია ხასიათდება დაბალი მასალატევადობით, წონით, ამაღლებული სიხისტითა და საიმედოობით. ადგილობრივი დეფექტები და დაზიანებები არ იწვევს ასეთი კონსტრუქციების ავარიულ მდგომარეობას. უმეტეს შემთხვევაში, სივრცით კონსტრუქციებში შეთავსებულია მზიდი და შემომფარგვლელი ფუნქციები, რაც მათი ეკონომიკურობის მაღალ ხარისხს განაპირობებს და ერთდროულად იძლევა დიდი მალების გადახურვის შესაძლებლობას.
გეომეტრიულ ფორმის მიხედვით არჩევენ სივრცითი სამშენებლო კონსტრუქციის შემდეგ სახეებს:
1) პრიზმული (ნაკეცები, თაღები);
2) ცილინდრული (ნულოვანი გაუსის სიმრუდის);
3) ელიფსური (დადებითი გაუსის სიმრუდის);
4) ჰიპერბოლური (უარყოფითი გაუსის სიმრუდის).
ნაკლები გავრცელება პოვა კომბინირებულმა გარსებმა და ნებისმიერმა ფორმებმა. კონსტრუქციული გადაწყვეტის მიხედვით კი ისინი შემდეგნაირად შეიძლება იქნეს დაჯგუფებული: ქარგილოვან-ბადისებრი; ბრტყელი მზიდი კონსტრუქციები; თხელკედლიანი გარსები; კომბინირებული; თხელკედლიანი დაკიდებული და წიბოვანი გარსები; სტუქტურები. სივრცითი კონსტრუქციების უპირატესობაა ის, რომ შესაძლებლობას იძლევა გადაიხუროს გეგმაში რთული ფორმის სათავსები, მიღწეულ იქნეს შენობის სასარგებლო მოცულობის შესაძლო მაქსიმუმი, რეაქციები საყრდენ კედლებსა და საძირკვლებზე განაწილდეს თანაბრად, ამაღლდეს ნაგებობის საიმედოობა და სხვ.