სიმბოლიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ მორო. გამოცხადება, 1874-1876; ტილო, ზეთი; 106X72,2 სმ. ლუვრის მუზეუმი, პარიზი

სიმბოლიზმი – ინტერნაციონალური მიმდინარეობა იყო, რომელიც იმ ხელოვანებს აერთიანებდა, ვინც შემოქმედების საგნად ირაციონალური შიშები, სურვილები და ადამიანის გონების იმპულსები გაიხადა. ფსიქიკის შავბნელი სიღრმეებისადმი ინტერესი XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში ბუნების ფოტოგრაფიული და მეცნიერული კვლევის, მედიუმების სპირიტუალური სამყაროთი საყოველთაო გატაცების ფონზე აღმოცენდა. ზოგი სიმბოლისტი თანამედროვე ცხოვრებისგან თავშესაფარს მოუთოკავი ემოციების ირაციონალურ სამყაროში ეძებდა, როგორც ამას ედგარ ალან პოს (1809-1849) მსგავსი ავტორები აღწერდნენ, რომელთა შემაძრწუნებელი მოთხრობები ზებუნებრივის შესახებ მთელ ევროპაში პოპულარობით სარგებლობდა. შემთხვევითი არც ის იყო, რომ ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939), რომელიც შემოქმედების პროცესს სიზმარს ადარებდა, სწორედ ამ პერიოდში წერს თავის საეტაპო ტექსტს სიზმრების ინტერპრეტაცია (1900).

სიმბოლისტებმა უარყვეს თანამედროვე დასავლური კულტურის რაციონალიზმსა და მატერიალურ პროგრესზე დამყარებული ღირებულებები. სანაცვლოდ, მათ ემოციების, წარმოსახვისა და სულიერების ირაციონალური სამყარო აირჩიეს. ყოველდღიური ცხოვრების მიღმა ისინი უფრო ღრმა და იდუმალ რეალობას ეძებდნენ, რომლის მოუხელთებელ და ფარულ მნიშვნელობას უცნაური და ამბიციური თემებით, სტილიზებული ფორმებით ასახავდნენ. თავიანთ ნამუშევრებს ისინი ხშირად სიზმრებს ადარებდნენ.

სიმბოლიზმი სახვით ხელოვნებაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული სიმბოლიზმთან პოეზიასა და ლიტერატურაში. მაგალითად, ჟორის კარლ ჰუისმანსის, 1884 წელს გამოცემულ რომანს ბუნების საწინააღმდეგოდ (À Rebours) სულ ერთი გმირი ჰყავს - არისტოკრატი, სახელად დეზ ისანტი, რომელიც მის მიერ შექმნილ ხელოვნურ სამყაროშია ჩაკეტილი, რადგან "წარმოსახვა იოლად ჩაენაცვლება ვულგარულ ყოველდღიურობას." დეზ ისანტის აზრით, სამყარო არარელევანტური და შეუსაბამოა. იგი ფიქრობდა, რომ "ბუნების დრო ამოიწურა" და "დაქანცულმა ესთეტებმა" ხელოვნებას უნდა შეაფარონ თავი, "ძველთაძველ ოცნებებსა თუ გარყვნილებაში ჩაიძირონ და თანამედროვე ცხოვრებას გაეცალონ".

სარჩევი

 [დამალვა

გუსტავ მორო

აკადემისტ მხატვარს გუსტავ მოროს (Gustave Moreau, 1826-1898) სიმბოლისტები თავიანთ წინამორბედად მიიჩნევდნენ. მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრები მჭვრეტელობით-წინასწარმეტყველური ხასიათისაა. სიმბოლისტები განსაკუთრებით იყვნენ აღფრთოვანებულები იუდეველთა მეფის ასულის - ბიბლიური სალომეს სახის მოროსეული იტერპრეტაციით, როდესაც სალომე, დედის - ჰეროდეას წაქეზებით, მამის - ჰეროდეს წინაშე ეროტიკულ ცეკვას შეასრულებს და სანაცვლოდ, იოანე ნათლისმცემლის თავს მოითხოვს. მოროს მიერ 1876 წლის სალონზე წარდგენილ სურათზე გამოცხადება მაცდური სალომეს წინაშე ხილვის სახითაა წარმოდგენილი ჰაერში მოლივლივე, თვალგახელილი და სისხლმდინარე, ღვთიური ნათლით გარემოცული წმინდანის მოკვეთილი თავი. მორო ამ პირქუში მგრძნობელობით აღსავსე სცენასა და ეგზოტიკურ გარემოცვას დეტალიზებულად გადმოსცემს; ძვირფასი თვლებივით მოელვარე საღებავის მონასმებით იგი მგრძნობელობით-დეკადანსურ ატმოსფეროს ქმნის, რაც სალომეს - ფატალური ქალის მხატვრულ სახეს რელიეფურად წარმოაჩენს; ესაა ქალი, რომელიც თავის მგრძნობელობით აღსავსე მომხიბვლელობას მსხვეპლის დასაღუპად იყენებს.

სიმბოლისტები, ისევე როგორც ხელოვანთა სხვა მცირე ჯგუფები, ცალკე, დამოუკიდებელ გამოფენებს აწყობდნენ, მაგრამ, იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ქირაობდნენ დარბაზს, ბეჭდავდნენ პროგრამებს და გამოფენაზე შესასვლელად მცირეოდენ გადასახადსაც აწესებდნენ, სიმბოლისტები უფრო მოკრძალებულ გამოფენებს მართავდნენ და არც საზოგადოებისაგან ელოდნენ განსაკუთრებულ ინტერესს.

ედვარდ მუნკი. კივილი,  ?1910; დაუგრუნტავი ტილო, ტემპერა, ზეთი; 83,5X66 სმ. მუნკის მუზეუმი, ოსლო

ედვარდ მუნკი

სიმბოლიზმი საფრანგეთში ჩაისახა, მაგრამ მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვა ქვეყნების ავანგარდზე, რომელსაც, ხშირად, ექსპრესიონისტული ტენდენციები ერთვოდა. ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკი (Edvard Munch, 1863-1944) ქმნის ნამუშევართა ჯგუფს, რომელშიც იგი გატანჯული ცობიერების შემაშინებელ მდგომარეობას გადმოსცემს. მისი სურათი "კივილი" ღამის კოშმარებსა და საშიშ ფილმებს ჰგავს; მკვეთრი ფერები და მორევივით ჩახვეული ხაზები ჩვენს მზერას სურათის მთელ ზედაპირზე ატრიალებს, დაბოლოს, ადამიანის შეძრულ სახესთან და მისი შემაძრწუნებელი კივილის ვიზუალურ ექოებთან აბრუნებს. მუნკი აღწერს, თუ რით დაიწყო მისი ნამუშევარი: "ერთ საღამოს ბილიკს მივუყვებოდი. ცალ მხარეს ქალაქი ჩანდა და მის ქვემოთ - ფიორდი. ვიყავი დაღლილი და ავადმყოფი... ბუნების გამჭოლ კივილს ვგრძნობდი... ეს სურათი დავხატე, დავხატე ღრუბლები, როგორც ნამდვილი სისხლი".

ჯეიმს ენსორი. ინტრიგა, 1890; ტილო, ზეთი, 90,3X105 სმ. ხელოვნების სამეფო მუზეუმი, ანთვერპენი

ჯეიმს ენსორი

ბელგიელი ფერმწერი და გრავიურის ოსტატი ჯეიმს ენსორი (James Ensor, 1860-1949) ოთხი წელი ბრიუსელის აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ მთელი დარჩენილი ცხოვრება ახლომდებარე საკურორტო ქალაქ ოსთენდში გაატარა; აქ მან საკმაოდ მძაფრი ხასიათის ისეთი ნამუშევრები შექმნა, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმოდა სიმბოლისტური და ექსპრესიონისტული ტენდენციები. მისი სურათი "ინტრიგა" აჟიტირებულ ადამიანთა მჭიდროდ შეკრულ ჯგუფს წარმოგვიდგენს, რომელიც მაყურებელთან ძალიან ახლოს, წინა პლანზე მაქსიმალურადაა წამოწეული. სახეზე აფარებული ნიღბები (პაპიე-მაშეს ნიღბებს ენსორის ოჯახი დიდი მარხვის წინ, საკარნავალოდ ყიდდა) ამ ადამიანებს შემაშფოთებელ, უაზრო და ავისმომასწავებელ ხასიათს ანიჭებს. ენსორის შხამიანი ფერები და თითქოს სურათის ზედაპირზე ხელის თითებით დადებული ენერგიული ფართო მონასმები მაყურებელში ამაღელვებელ განწყობილებას იწვევს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები