სიმოლინი ივანე
ივანე სიმოლინი – რუს. Барон Иван Матвеевич (Иоанн-Матиас) Симолин გერმ. Johann Matthias Edler von Simolin, 1720-1799) რუსი დიპლომატი, ბალტიისპირელი გერმანელების სიმოლინების შთამომავალი.
1744-58 იყო რუსეთის საელჩოს მდივანი ჯერ კოპენჰაგენში, შემდეგ – ვენაში;
1758-73 მინისტრ-რეზიდენტია რეგენსბურგში (გერმანია);
1773 მოკლე ვადით იმყოფებოდა დანიაში ელჩად;
1774-79 – საგანგებო დესპანი შვედეთში;
1779-85 – სრულუფლებიანი მინისტრი დიდ ბრიტანეთში;
1785 დაინიშნა ელჩად საფრანგეთში, რევოლუციის მსვლელობის დროს აქ იგი ფაქტობრივად მეთვალყურის როლს ასრულებდა. სიმოლინის შეტყობინებები წარმოადგენდა ეკატერინე II-სათვის ინფორმაციის ძირითად წყაროს საფრანგეთის შინაგანი მდგომარეობისა და რევოლუციის მსვლელობის თაობაზე.
1792 წელს სიმოლინი საფრანგეთიდან გაიწვიეს. წასვლის წინ იგი საიდუმლოდ შეხვდა ლუი XVI-სა და მარი ანტუანეტას, რომელთაც განუცხადეს, რომ მათი ერთადერთი იმედი უცხოელ მონარქთა დახმარება იყო. პეტერბურგს მიმავალი სიმოლინი ვენაში შეჩერდა, სადაც იმპერატორ ლეოპოლდ II-სა და კანცლერ კაუნიცს მარი ანტუანეტას წერილები გადასცა. მომდევნო წლებში სიმოლინი, როგორც რუსეთის დიპლომატიური აგენტი, ანტიფრანგული კოალიციის არმიაში იმყოფებოდა.