სიმძიმის ცენტრი
სიმძიმის ცენტრი – მყარ სხეულთან უცვლელად დაკავშირებული გეომეტრიული წერტილი, რომელზეც გაივლის ამ სხეულის ნაწილაკებზე მოქმედი ყველა სიმძიმის ძალის ტოლქმედი სივრცეში სხეულის ნებისმიერი მდებარეობის დროს. იგი შეიძლება მოცემული სხეულის არც ერთ წერტილს არ დაემთხვეს (მაგ., რგოლისათვის).
მყარი სხეულის სიმძიმის ცენტრის მდებარეობა სიმძიმის ერთგვაროვან ველში თანხვდება მისი ინერციის ცენტრის მდებარეობას.
სხეულის სიმძიმის ცენტრს ბერძნები განსაზღვრავდნენ, როგორც წერტილს, რომლის დამაგრებისას სხეული დარჩება უძრავი ნებისმიერი მდებარეობისას.
სიმძიმის ცენტრის ცნება პირველად შემოიღო არქიმედემ, რომელმაც განსაზღვრა პარალელოგრამის, სამკუთხედის, პარაბოლის სეგმენტის სიმძიმის ცენტრები. შედეგები გადმოცემული აქვს ნაშრომში „ბრტყელი ფიგურების წონასწორობის შესახებ, ანუ ბრტყელი ფიგურების სიმძიმის ცენტრი“. ფიგურათა სიმძიმის ცენტრის შესახებ საკითხებს შეისწავლიდნენ აგრეთვე ჰერონი ალექსანდრიელი, პაპი, ლეონარდო და ვინჩი, ფ. მავროლიკო, ფ. კომანდონი და სხვა.