სინათლის ეფექტები
სინათლის ეფექტები – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადადგმო-მხატვრული საშუალება. სინათლე ხელს უწყობს მოქმედების ადგილისა და ვითარების გადმოცემას, ქმნის პერსპექტივას, საჭირო განწყობილებას. ზოგიერთ თანამედროვე სპექტაკლებში სინათლე მხატვრული გაფორმების ერთადერთი ხერხია.
სცენოგრაფიული გაფორმების ნაირსახეობანი მოითხოვს სინათლის ეფექტების შესაბამის გამოყენებას. ბრტყელ ფერწერულ დეკორაციას შეეფერება საერთო, თანაბარი სინათლე. მოცულობით დეკორაციას ესაჭიროება შუქ-ჩრდილების წარმომშობი ადგილობრივი სინათლე.
იმისდა მიხედვით, თუ სად არის განთავსებული, სინათლის მოწყობილობები იყოფა შემდეგ ძირითად სახეობებად:
1) ზედა სინათლის აპარატურა (სოფიტები, პროჟექტორები), რომლებიც განთავსებულია სათამაშო მოედნის თავზე.
2) ჰორიზონტული, რომელიც ანათებს სცენურ ჰორიზონტს.
3) გვერდითი, პროჟექტორული ტიპის.
4) გარეთ არსებული, ძირითადად პროჟექტორული, განთავსებული მაყურებელთა დარბაზში.
5) გადაადგილებადი, რომლებსაც იყენებენ ცალკეულ შემთხვევაში.
6) საპროექციო. სინათლის ეფექტები სრულყოფილ მხატვრულ დატვირთვას იძენს მართვის ცენტრალიზების პირობებში.