სირიული კოდალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სირიული კოდალა (ლათ. Dendrocopos syriacus Hemprich et Ehrenberg, 1833.) − ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან.

სირიული კოდალა მომცრო ზომის ფრინველია, ფრთა 120-135 მმ-ია, კუდი – 78-88 მმ, წონა – 60-80 გ. სქესობრივი დიმორფიზმი. სიდიდესა და შეფერილობაში სუსტადაა გამოხატული. შუბლი თეთრი ან მოჟანგისფროა; თხემი და ზურგი – შავი; კეფაზე მამალს წითელი განივი ზოლი აქვს, ხოლო დედალს თავი მთლიანად შავი აქვს. პირის კუთხეებიდან იწყება შავი ზოლები, რომლებიც კისრის გვერდებზე არ იტოტებიან და მკერდამდე ისე მიდიან, რომ კეფას არ უერთდებიან. ამიტომ თავის გვერდებსა და კისერზე ერთი მთლიანი თეთრი ზოლია. ყელი თეთრი ან ოდნავ მოჩალისფროა. ჩიჩახვი, მკერდი და მუცლის უმეტესი ნაწილი თეთრია. მუცლის მხოლოდ უკანა ნაწილშია ვარდისფერი, ხოლო კუდის ქვემო მფარავები – წითელი. პირველი რიგის მომქნევები შავია, მაგრამ მათზე 3-4 რიგად თეთრი განივი ლაქებია. მეორე რიგის სულ შიგნითა მომქნევები შავია, ხოლო დანარჩენებზე აქვს თეთრი ლაქები. საჭის კიდურა წყვილზე 2-3 წყვილი თეთრი ლაქაა. საჭის შუა წყვილი მთლიანად შავია. ნისკარტი მოშავო-რუხია, ფეხები მურა-რუხი.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ამიერკავკასიური სირიული კოდალა – D. s. transcaucasicus Buturlin, 1910.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი ვრცელი არაა. იგი მოიცავს იუგოსლავიასა და ბულგარეთს, მცირე აზიას, ამიერკავკასიას, ირანს, სირიას, პალესტინასა და ერაყს. საქართველოში მოიპოვება მცირე როდენობით, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ფოთლოვანი ტყეები მთის ფერდობებსა და ჭალებში, ბაღებში, ადამიანის სამოსახლოს მახლობელ ადგილებში. საკვებისათვის ხშირად შედის ლელიანებშიც.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში. მაისში დებს 3-5 კვერცხს. სამხრეთის ფორმების ბუდეებში ნაპოვნია 11-მდე კვერცხი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა და გამრავლების სხვა დეტალები დადგენილი არაა.

კვება

სირიული კოდალას საკვების შედგენილობა შეუსწავლელია, თუმცა ცნობილია, რომ ძირითადად მწერებით იკვებება, რომელთაც ეძებს ლელიანში (მწერების ლარვებს), ხეებზე (ქსილოფაგებს) და მიწაზე (ჭიანჭველებს).

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები