სიხარულიძე ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო სიხარულიძე

სიხარულიძე ნინო − (1962), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის 161-ე საშუალო სკოლა, 1984 წელს კი − თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წლიდან მუშაობდა: ჟურნალ „ცისკარში” სტილისტად, შემდეგ – საქტელეფილმში სასცენარო განყოფილების რედაქტორად, თანამშრომლობდა გაზეთებთან − „მესამე ნაპირი”, „საერთო გაზეთი” და ჟურნალ „ომეგასთან”. 1986-89 წლებში მონაწილეობდა სლავისტიკის სემინარებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ბულგარული ენის შესწავლის მიზნით. გამოცემული აქვს სამი კრებული: „მარადიული კარნავალი” (1986), „შორს” (1991~ და „ირიბი ბლუზი” (2007).


ბანალური ლექსი
მინდა, მყავდეს დედა; მინდა მყავდეს შვილი
და არ მკბენდეს ქარი − ავად აღრენილი,
თვალში კრთოდეს სხივი, ბაგეს აჩნდეს ღიმი,
არ სკდებოდეს გული − დაჭიმული სიმი.
მინდა, იყოს მხარი, ძლიერი და სანდო,
ჩემი დარდის გუდა რომ თამამად ვანდო.
მინდა, ითქვას სიტყვა − სიყვარულის მხსნელი
და ამ სიტყვის პოვნა სულ არ იყოს ძნელი.
მინდა, გზა გზას ჰგავდეს და არ იყოს მრუდე,
სახლი − სახლს და არა ასპიტების ბუდეს.
მინდა, ქართულ კვირტებს არ დაატყდეს მეხი
და იმედის ფესვებს არ დაადგან ფეხი.
მინდა, მყავდეს შვილი; მინდა, მყავდეს დედა,
ამ ბანალურ ლექსში მე ოცნებას ვბედავ.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები