სმოლუხოვსკი მარიან
მარიან სმოლუხოვსკი – (პოლ. Marian Smoluchowski, 1872 - 1917), პოლონელი ფიზიკოსი.
მარიან სმოლუხოვსკი დაიბადა ქალაქ ვენის ახლოს, ფორ დე ბრიულში. საშუალო სკოლა ვენაში დაამთავრა, შემდეგ შევიდა ვენის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხის მიღებიდან სამი წლის შემდეგ გახდა ლვოვის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი. 1913 წელს გადავიდა კრაკოვში, სადაც დაიკავა ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრა იაგელონის უნივერსიტეტში.
მარიან სმოლუხოვსკი მუშაობდა მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიაში, რომლის დახმარებითაც წარმატებით გამოარკვია ბროუნის მოძრაობის მექანიზმი (ინგლისელი ბოტანიკოსის – ბროუნის მიერ 1827 წელს აღმოჩენილი) და დაადგინა ამ მოვლენის რაოდენობრივი კანონზომიერება. სმოლუხოვსკის მიეკუთვნება გაიშვიათებული გაზების სითბოგამტარობაში კვლევითი სამუშაოები, ოპალესცენციის მოვლენის განსაზღვრა, რომელიც ხანდახან გაიშვიათებული გაზების განათებისას წარმოიშობა, აგრეთვე ფხვიერი სხეულების სითბოგამტარობის გამოკვლევა. ამ უკანასკნელმა სამუშაოებმა დიდი გამოყენება პოვა საიზოლაციო ტექნიკის დამუშავებაში.
მარიან სმოლუხოვსკიმ დატოვა დიდი მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც 112 მეცნიერულ ნაშრომს ითვლის. გარდაიცვალა ინფექციური დაავადებით.