სოტი
სოტი — (ფრანგ. sotie, sot – ბრიყვი, სულელი), მე-15-16 საუკუნეებში ფრანგული თეატრის კომედიურ-სატირული ჟანრი, ფარსის ნაირსახეობა. წარმოიშვა შუა საუკუნეების პაროდიულ-სახუმარო თამაშების („სულელები“) საფუძველზე.
სოტიში ყველა პერსონაჟი „სულელს“ განასახიერებდა (მასხარის ჩვეულებრივ სამოსს ემატებოდა ამა თუ იმ ტიპის სიმბოლურად გამომსახველი ატრიბუტი) და ალეგორიულად ამხელდა საზოგადოების მანკიერ მხარეებს. სოტი იქმნებოდა სამოყვარულო წრეებში, რომელთა შორის განსაკუთრებით პოპულარული იყო პარიზის სახუმარო საზოგადოება „უდარდელი ბიჭები“. მათთან იყო დაკავშირებული პოეტ პიერ გრენგორის მოღვაწეობა, რომელმაც შექმნა სოტი „თამაში სულელების პრინცის შესახებ“ (1513), რომელიც მიმართული იყო რომის პაპის წინააღმდეგ. მე-16 საუკუნის ბოლოს სოტი აკრძალულ იქნა მეფის ხელისუფლების მიერ. სამოყვარულო თეატრალური საზოგადოების დევნამ გამოიწვია ამ ჟანრის სრული გაქრობა.