სოფელ აწრისხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
სოფელ აწრისხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს. - სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 800 მეტრში მდებარე მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია შირიმის და ადგილობრივი ქვის თლილი კვადრებით. სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია, რომელიც კუთხეებში ოდნავ მრგვალდება. კედლის ქვედა ნაწილში მიშენებულია ტრაპეზი. კონქი სფერულია. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია სამთაღოვანი კანკელით, ცენტრში აღსავლის კარით, ჩრდილოეთით მაღალი, თაღოვანი კარით სამხრეთით კი თაღოვანი ღიობით (სარკმელი). თაღები ეყრდნობა მრგვალ კოლონებს, კანკელი გალესილია. ეკლესიის სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების აღმოსავლეთ ნაწილებს მაღალი, თაღოვანი ნიშები აქვს. მათში მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშებია ჩასმული. სამხრეთ მონაკვეთს ერთსაფეხურიანი კარნიზი მიუყვება. აბსიდის წინ ნახევარწრიული სოლვაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. იგი ეყრდნობა თაღს, რომელსაც იჭერს გრძივი კედლების ცენტრებში აყვანილი სამსაფეხურიანი პილასტრები. პილასტრების გვერდით საფეხურებიდან გრძივ კედლებზე გადადის თაღედი. დასავლეთ კედლის ზედა, ცენტრალურ ნაწილში მცირე, სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთ კედლის დასავლეთ თაღედში არქიტრავული შესასვლელია, აღმოსავლეთ თაღების ზედა ნაწილში კი თაღოვანი სარკმელი. კედლებს ეტყობა შელესილობის კვალი. ფასადების ზედა ნაწილები დაზიანებულია. გადახურვა არ შემორჩა.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა