სოჭელი ქართველების მეტყველება
სოჭელი ქართველების მეტყველება – იმ ქართველთა მეტყველება, რომლებიც 1863–64 რუსეთის მთავრობის მიერ მკვიდრი მოსახლეობის თურქეთში მასიურად გადასახლების შემდეგ შავიზღვისპირეთის დაცარიელებული ტერიტორიების ასათვისებლად სოჭის მიდამოებში ჩაასახლეს.
ქართველები სოჭში
1875-ის ბოლოსათვის სოჭში ქართველთა გადასახლების პროცესი უკვე დაწყებული იყო (გაზ. „დროება“, 1875 წლის დეკ). მთავრობა ამ პროცესის წახალისებას ცდილობდა: შავი ზღვის სანაპიროზე ჩასახლებულები 10-15 წლით თავისუფლდებოდნენ გადასახადებისაგან. ქართველებმა დიდი როლი შეასრულეს სოჭის და მისი შემოგარენის ათვისება-აღორძინების საქმეში.
სოჭის რეგიონში საცხოვრებლად გადადიოდნენ დასავლეთ საქართველოს – ლეჩხუმის, იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს – მკვიდრნი. მიზეზი ქვეყნის ამ ნაწილში არსებული უკიდურესი მცირემიწიანობა იყო. ლეჩხუმელთა ძირითადი ნაწილი გადაასახლეს სოფლებიდან: ალჰანა, აჭარა (სოფ. ლეჩხუმში), ორხევი, დერჩი, ორბელი, ნასპერი, ლაჯანა, ზოგიში (ალავიძე, ბურჯალიანი, თუთისანი, კვანტალიანი, ლეფსვერიძე, ლეშკაშელი, მამარდაშვილი, სვანიძე, სილაგაძე, უჩაძე, ფრუიძე, შკუბულიანი, ცხვედიანი, ჩაკვეტაძე, ჩხეტიანი, ჭოხონელიძე); რაჭველები – ღებიდან, ზნაკვიდან, ქედის უბნიდან (არჩვაძე, გავაშელიძე, გოცირიძე, გურგენიძე, კენჭაძე, კობახიძე, ლობჟანიძე, მაისურაძე, მეტრეველი, მიქაუტაძე, რეხვიაშვილი, შტააძე, ცუცქირიძე, ჭელიძე, ჭიჭინაძე…); იმერლები – ოკრიბიდან (ტყიბულის რ-ნი), საირმიდან (გვანცელაძე, გოგოლაძე, ზვიადაძე, ინწკირველი, კეთილაძე, კუბლაშვილი, კუტალაძე, ლორთქიფანიძე, მიქაძე, ქასრაშვილი, ცირეკიძე, ძიძიგური, ჭიკაძე, ჯიბლაძე…; მეგრელები – ზუგდიდის მაზრიდან, სენაკიდან (ბარკალაია, ბახია, ბჟალავა, გაბელაია, გვათუა, გვასალია, გუგუშვილი, დარჯანია, დიხამინჯია, დონდუა, თოფურია, კინტრაია, ქორქია, შანგუა, შუშანია, ჩიტაია, ცხაკაია, ძიგუა, ჭელია, ჯანაშია, ჯელია…).
1897 მხოლოდ პლასტუნკაში ცხოვრობდა 97 ქართველი ოჯახი, რომელთაც ეჭირათ 3000 დესეტინა მიწა. 1887 სოჭელ ქართველებს თავიანთი ხარჯით ხის ეკლესიაც აუგიათ და უკურთხებიათ კიდეც, 1897-თვის კი წმინდა ნინოს სახელზე აგებულ ამ ეკლესიას ქართველი მღვდელიც ჰყავდა. 1921 სოჭელ ქართველთა ინიციატივით იქ გაიხსნა ქართული სკოლა. არსებობს ცნობა, რომ პლასტუნკაში დაწყებითი სკოლა ჯერ კიდევ მეფის ხელისუფლების დროს გაუხსნია მიქაუტაძეს. სოჭის ახალშექმნილ ქართულ სკოლას სათავეში ჩაუდგა ამ მხარეში ცნობილი მოღვაწე ქალი, წარმოშობით სენაკელი (სოფ. ბერთემიდან) ო. წითლიძე. 1927 დაწყებითი სკოლა საშუალოდ გადაკეთდა. იგი იმთავითვე ქართული კულტურის კერად იქცა. მასთან მოეწყო კლუბი, სასადილო და ინტერნატი ჩამოსული მოსწავლეებისათვის.
1941 სკოლა შვიდწლედად გადააკეთეს და პლასტუნკაში გადაიტანეს. 1969 იგი გადაკეთდა რუსულ სკოლად, სადაც ქართველი ბავშვები, სურვილის მიხედვით, სწავლობენ ქართულ ენას, როგორც საგანს.
ქართული სკოლის თანდათანობითი კვდომა გარკვეულმა გარემოებებმა განაპირობა. ჯერ ერთი, არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთებამ მის კურსდამთავრებულებს გზა გადაუკეტა უმაღლესი განათლებისაკენ. პლასტუნკაში გადატანამ იგი მოსწყვიტა რეგიონის ქართულ მოსახლეობის დიდ ნაწილს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე კონკურენციამ ქალაქის რუსული სკოლების მხრივაც, რომელთაც პლასტუნკის ქართულ შვიდწლიან სკოლასთან შედარებით უკეთესი პირობები ჰქონდათ. საქართველომ ვერ შეძლო აქაური სკოლის გადარჩენა, რომელმაც საშუალო დაწესებულების სტატუსით სულ 14 წელი იარსება და არაერთი სახელოვანი ქართველი აღზარდა.
1990 სოჭში შეიქმნა ქართული კულტურის ცენტრი „ივერია“; გამოვიდა გაზ. „სოჭის ივერია“ დევიზით: „ენა, მამული, სარწმუნოება“. წარმატებით ფუნქციონირებს ქართული ენისა და წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები. ამჟამად სოჭის რეგიონში (ე. წ. დიდი სოჭი) ცხოვრობს 6000 ქართველი.
120 წელია სოჭის რაიონში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ლეჩხუმიდან (უპირატესად), იმერეთიდან და რაჭიდან ჩამოსულთა შთამომავლები. ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა შერეულია: თითქმის არ არსებობს „წმინდა“ ლეჩხუმური, იმერული ან რაჭული ოჯახები.
სოჭელი ქართველების მეტყველების ფომირება
დასავლურ ქართულ მოვლენათა კონსერვაცია და სოჭელ ქართველთა მეტყველების კონსოლიდაცია მნიშვნელოვანწილად იმანაც განაპირობა, რომ ეს მეტყველება არ იყო ცოცხალ ქართულ მეტყველებასთან უშუალო კონტაქტში და საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ვითარდებოდა რუსულ გარემოცვაში. ამავე დროს, რიგი დიალექტური თავისებურება ჯერაც არ ქცეულა სოჭელ ქართველთა ერთიანი მეტყველების კუთვნილებად და ძირითადად წარმოშობით ლეჩხუმელთა, იმერელთა თუ რაჭველთა მეტყველებაში გვხვდება. ზოგი მოვლენა თანაბრად ახასიათებს ლეჩხუმელთა და იმერელთა მეტყველებას და რამდენადმე განასხვავებს მათ რაჭველთა მეტყველებისაგან. მათი ასეთი სიახლოვე ეხმაურება მეცნიერულ ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ლეჩხუმური უფრო იმერულის კილოკავია, ვიდრე დამოუკიდებელი დიალექტი ქართული ენისა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ღებელ რაჭველთა მეტყველება. აქ სულ 4 ღებელი ცხოვრობდა. ისინი ძმები იყვნენ (გავაშელიძეები). მათი მეტყველების შესწავლის მომენტისათვის ისინი 80 წელს იყვნენ გადაცილებული. თავიანთი ცხოვრების შეგნებული ნაწილი (17-18 წლიდან) მათ სოჭის გარეთ გაატარეს. ამიტომაც მათ მეტყველებას თითქმის არ განუცდია იმ ფაქტორების ზემოქმედება, რომლებმაც განაპირობეს ერთიანი დასავლურქართული მეტყველების ფორმირება სოჭის რაიონში. მათი „ღებური“ ძირითადად ისეთადვე დარჩა, როგორიც მშობლებისაგან შეითვისეს სოჭში ქართული ენის დიალექტთა შერევის პროცესის დაწყებამდე. ეს ფაქტი იმისი დასტურია, რომ ამ რეგიონის ქართული მეტყველების დღევანდელი სახე სწორედ დიალექტთა შერევითაა განპირობებული.
სოჭელი ქართველების მეტყველებაში მისი განვითარების თანამედროვე ეტაპზე თანდათან იკვეთება ინოვაციური ხასიათის ფაქტების წარმოქმნის ტენდენცია (დასამარება, ჩახომბელება, ჩეენეთი…).
სოჭელი ქართველების მეტყველების დღევანდელი სახის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წილი უდევს რუსულ ენასთან მისი კონტაქტების შედეგებსაც: ხშირია რუსული სიტყვების (ზოგჯერ ფრაზებისა და მთელი წინადადებების) სესხების შემთხვევები. რუსულიდან შემოსული სიტყვები სესხებისას იცვლება დასავლურ ქართულდიალექტებისათვის დამახასიათებელ ფონეტიკურ კანონზომიერებათა შესაბამისად. რუსულიდან ნასესხები ბევრი სიტყვა მორფოლოგიურად გათანაბრებულია ანალოგიური ფორმის მქონე ქართულ სიტყვებთან და ამ უკანასკნელთა მსგავსად განიცდის მორფოლოგიურ ცვლილებებს, მონაწილეობს ქართულ სიტყვაწარმოებაში.
სოჭელი ქართველების მეტყველებაში დასტურდება რუსული ენის გრამატიკული კანონზომიერებათა გამოვლენის ფაქტები.