სპარვენფელდი იუჰან-გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუჰან-გაბრიელ სპარვენფელდი – (1655– 1727), შევედი ენათმეცნიერი-სლავისტი, აღმოსავლეთმცოდნე და საზოგადო მოღვაწე, მონაწილე იყო შვედეთის ელჩობისა რუსეთში (1684).

კარლოს XI დააკმაყოფილა სპარვენფელდის თხოვნა და იგი დატოვა მოსკოვში სლავური ენების, განსაკუთრებით რუსულის, შესასწავლად. ამისთვის მას საგანგებო სტიპენდია დაენიშნა. სპარვენფელდის მოსკოვში ყოფნა დაემთხვა 1685 -ის მიწურულს არჩილ II-ის იქ ჩასვლას.

სპარვენფელდი და ქართული შრიფტი

არჩილ II-ის ამალაში მყოფმა ფრანგმა ოფიცერმა და აღმოსავლეთმცოდნემ ბალთაზარ დელოსიერმა მოსკოვის ე. წ. „ნემეცკაია სლობოდაში“ მცხოვრებ უცხოელებთან იმთავითვე კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაამყარა. განსაკუთრებით მჭიდრო იყო კონტაქტები სპარვენფელდთან და ჰოლანდიის რეზიდენტ ი. ვ. კელერთან, რომლებმაც სწავლულ ქართველ მეფეს ქმედითი დახმარება აღმოუჩინეს ქართული შრიფტის შექმნაში (მოსკოვის სტამბის ხელოსნებმა ვერ შეძლეს მაშინ მათთვის უჩვეულო ქართული გრაფემების ლითონში ჩამოსხმა). სპარვენფელდმა და კელერმა ამსტერდამის ბურგომისტრს ნ. ვიტსენს მიმართეს თხოვნით, რომელმაც სათანადო სპეციალისტების რჩევით არჩილ მეფის რთული შეკვეთის შესრულება ამსტერდამელ ასოთმომქანდაკებელს, წარმოშობით უნგრელ მ. კიშს დაავალა. შუამავლის როლი შემკვეთსა და ამსტერდამელ ხელოსანს შორის იკისრა სპარვენფელდმა, რომელიც მოსკოვიდან სამშობლოში გამგზავრებამდე (1687) ძალიან დაუახლოვდა არჩილსა და მის ოჯახს. სპარვენფელდის რუსეთში მოგზაურობის დღიურიდან, ასევე სხვა ფაქტობრივი მონაცემებიდან, ირკეეეა, რომ მას აღმოსავლეთმცოდნეობისადმი ინტერესი სწორედ ქართველმა მეფემ გაუღვივა. ჩვენამდე მოაღწია მ. კიშის ორმა წერილმა სპარვენფელდისადმი, რომელთა შინაარსი ნათელს ფენს იმ სიძნელეებს, რაც ამსტერდამში ქართული შრიფტის შექმნას თან სდევდა. შესრულებული ქართული შრიფტის პუანსონ-მატრიცები 1689 ჩაიბარა სპარვენფელდმა. სტოკჰოლმიდან მოსკოვს მათ გადაგზავნას ჯერ 1688-99 არჩილის საქართველოში ყოფნამ შეუშალა ხელი, ხოლო შემდეგ – ჩრდილოეთის ომის დაწყებამ.

ამ ომში მონაწილეობდა ბატონიშვილი ალექსანდრე არჩილის ძე, რომელიც გენერალ-ფელდცოიხმაისტერის რანგით რუსეთის არტილერიას მეთაურობდა. ნარვასთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ (1700) მან 10 წელი შვედების ტყვეობაში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველი ბატონიშვილს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სპარვენფელდი, რომელსაც მაშინ კარლოს XII-ის კარის ცერემონმაისტერი იყო. სტოკჰოლმში ცხოვრების პირველ წლებში სპარვენფელდის დახმარებით ალექსანდრეს შედარებით პრივილეგიური პირობები ჰქონდა შექმნილი, რამაც შესაძლებლობა მისცა, ტყვეობაში შემოქმედებითი საქმიანობა გაეგრძელებინა. 1703 სპარვენფელდის უშუალო მონაწილეობით ალექსანდრემ შეძლო ქართული შრიფტის პუანსონ-მატრიცების საფუძველზე ჰენრიკ კეისერ III-ის სტამბაში არა მხოლოდ მრგლოვანი და ნუსხური ანბანები ჩამოესხა, არამედ რამდენიმე ქართული სასულიერო ტექსტის ნიმუშიც დაებეჭდა („მამაო ჩვენო“, „სიტყვა დღესა ტაძრად მიყვანებისასა“). ალექსანდრემ მაშინვე იშუამდგომლა შვედეთის სენატის წინაშე, რათა მისთვის უფლება მიეცათ, ჩამოსხმული ქართული შრიფტი სტოკჰოლმიდან მოსკოვს გაეგზავნა არჩილისათვის, რომელსაც უკვე მზად ჰქონდა გამოსაცემად ბიბლიის ქართული თარგმანის ცალკეული ტექსტები. სპარვენფელდის დახმარებით ქართველი უფლისწულის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, ქართულმა შრიფტმა მოსკოვს ჩააღწია. იქ არჩილ მეფის უშუალო ხელმძღვანელობით დაისტამბა რუსეთში პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი „დავითნი“ (1705). შვედეთის არქივებში დაცული ფაქტობრივი მასალის საფუძველზე დასაშვებია ვივარაუდოთ სპარვენფელდისა და ალექსანდრე ბატონიშვილის შემოქმედებითი თანამშრომლობა შვედურ-ქართული ლექსიკონის შესადგენად, რაც, სამწუხაროდ, განუხორციელებელი დარჩა.

ჯ. ვათეიშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები