გნოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გნოლი

გნოლი (ლათ. Perdix perdix Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა ქათმისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − გნოლი

გნოლი საშუალო სიდიდის ფრინველია, სიგრძე საშუალოდ 35 სმ. ფრთა 150-160 მმ-ია, კუდი – 80-90 მმ, ნისკარტი – 14-17 მმ, წონა – 350-500 გ. (მამლის წონა 500 გრამა დედლის — 350 გრ.) მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს შუბლი, წარბები, ლოყები და ყელი მოჟანგისფრო-ქარცი აქვს. ჩიჩახვისა და მკერდის მიდამოები რუხი; მუცელი – მოთეთრო, რომლის წინა ნაწილში ნალისებური ფორმის წაბლისფერი დიდი ლაქაა. ზურგი რუხია; მხრისა და ფრთის ზემო მფარავებს ღერძის გასწვრივ თეთრი ზოლი გასდევთ. საჭის შუა ორი წყვილი ჟანგმიწისფერია. დანარჩენი ჟანგისფერ-ქარცი, მუქი ბოლოთი და ღია ფერის კიდით. დედალს, მამლისაგან განსხვავებით, მუცლის წაბლისფერი ლაქა სრულიად არა აქვს ან იგი მეტად მცირეა. ფრთის, მხრისა და მეორე რიგის მომქნევების შიგნითა მფარავებს, ღეროს გასწვრივი თეთრი ზოლის გარდა, აქვთ ქარცი ან ჟანგმიწისფერი განივი ზოლები. გნოლი რუხი ფერისაა შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს, მკერდზე ნალისებური შავი ლაქა აქვს.

აღწერილია 8 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ამიერკავკასიური გნოლი – P. p. canescens Buturlin, 1906.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს ევროპა, აზიასა და ამიერკავკასიაში. სსრკ ევროპულ ნაწილში ჩრდილოეთით ვრცელდება მე-60 პარალელამდე; აზიურ ნაწილში არეალის ჩრდილოეთი საზღვარი უფრო სამხრეთისაკენ ინაცვლებს. სსრკ ფარგლებს გარეთ მოიპოვება მთელ დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიაში და ჩრდილო-დასავლეთ ირანში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მდინარეთა სანაპირო დაბლობების მინდვრებსა და მდელოებზე, ტენიანი სუბტროპიკების გამოკლებით; ველებსა და ნათესებში, დაბალი მთებისა და გორაკების ფერდობებზე, მეჩხერი ბუჩქნარებით, მაღალი ბალახნარებით, აგრეთვე მშრალ და მცირეთოვლიან ხევებში. საქრთველოში ბინადრობს ჯავახეთში, ადიგენის, ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლემდე, მინდორ-ველებზე, ყანებსა და სათიბებში.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. დაწყვილება მიმდინარეობს მარტის თვეში. აპრილის მეორე ნახევარში ვხვდებით ადრეულ ბუდობებს. დებს 8-10, ზოგჯერ 15 და მეტ კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.

კვება

გნოლის ძირითადი საკვებია მარცვლეული, ბოლქვები, ფესურები და მცენარის ნორჩი ყლორტები. ზაფხულში იკვებება უპირატესად მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, რომელთა შორის უმეტესობა მავნებელია.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. შესანიშნავია სპორტული ნადირობისთვისაც. რიგ ადგილებში აქვს სარეწაო მნიშვნელობაც. საქართველოში მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. იშვიათი ფრინველია და ხასიათდება კლებადი რიცხოვნებით. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები