ქათმისნაირნი
ქათმისნაირნი (ლათ. Galliformes) ფრინველთა რიგი. ქათმისნაირთა რიგი აერთიანებს საკმაოდ განსხვავებული სიდიდის ფრინველებს. მათ შორის ყველაზე დიდია სოღო. იგი 6 კგ-მდე იწონის. ყველაზე პატარაა მწყერი, რომლის წონა 80-120 გ-ს არ აღემატება. ამ რიგის სახეობების უმრავლესობა მაინც საშუალო სიდიდის ფრინველებია.
სხეულის აგებულებით ქათმისნაირნი შეგუებული არიან მიწაზე ცხოვრებას. აქვთ მკვრივი, ჩასკვნილი სხეული, პატარა თავი, მოკლე კისერი, საშუალო ზომის ფეხები. თითები ბოლოვდებიან მოკლე, ბლაგვი ბრჭყალებით. ტერფის აგებულება მიწაზე სასიარულოდ და სუბსტრატის გასაჩხრეკადაა მომარჯვებული. გალო უფრო ხშირად ბუმბულსაფარველს მოკლებულია. ზოგ სახეობას გალოზე დეზები აქვს. არიან ისეთებიც, რომელთა გალო და თითებიც ბუმბულითაა შემოსილი. ნისკარტი კონუსის ფორმისაა, ფრთები მოკლე და განიერია. კუდი, უმრავლეს შემთხვევაში, მოკლეა და მომრგვალებული, ხოლო ზოგჯერ საკმაოდ გრძელი და საფეხუროვანი.
ქათმისნაირები დადიან მსუბუქად და მოხერხებულად, ითვლებიან ცუდ მფრინავებად, ფრენენ მძიმედ და ჩვეულებრივად მოკლე მანძილზე. აფრენა მკვეთრი, ენერგიული და ხმაურიანია. მიუხედავად ამისა, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ საკმაოდ შორს ფრენაც.
ქათმისნაირთა შორის სქესობრივი დიმორფიზმი, უმეტეს შემთხვევაში, კარგადაა გამოხატული. მამალი, როგორც წესი, უფრო მკვეთრადაა შეფერილი და დიდიცაა, ვიდრე დედალი. მონოგამიურ ფორმებში ჩვეულებრივად მკვეთრ სქესობრივ დიმორფიზმს შეფერილობაში ადგილი არა აქვს.
ქათმისნაირნი მობინადრე ფრინველებია, თუმცა ყველა მათგანი ახდენს მცირე სეზონურ ადგილმონაცვლეობას, რაც დაკავშირებულია კვებასა და გამრავლებასთან. ამ რიგის ფრინველთა შორის მწყერი ერთადერთია, რომელიც შორეულ სეზონურ მიგრაციას ახდენს.
ქათმისნაირთა უმრავლესობა პოლიგამიური ფრინველია. ზოგიერთი მათგანი კი წყვილდება და მონოგამიურად მრავლდება. აკეთებენ საკმაოდ მარტივ ბუდეს, ჩვეულებრივად მიწაზე. ბუდე წარმოადგენს მიწის პატარა ჩაღრმავებას, ამოფენილს ხმელი ბალახითა და ბუმბულით. კვერცხების რიცხვი მერყეობს 2-დან 26-მდე. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობაც საკმაოდ განსხვავებულია და აღწევს 14-დან 35 დღემდე. წელიწადში ნორმალურად ერთხელ მრავლდებიან. ჩეკენ წიწილებს, რომლებსაც 7-14 დღის შემდეგ ფრენის უნარი შესწევთ. ზოგიერთ მათგანს გამოჩეკისთანავე შეუძლია სწრაფი სირბილი. სქესობრივ სიმწიფეს ერთი წლის ასაკში აღწევენ.
კვების მხრივ, უმრავლესობა ფიტოფაგია, წლის უმეტეს დროს მცენარეულით იკვებებიან. ზაფხულში წიწილებისა და მოზრდილების საკვებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უხერხემლო ცხოველებსაც, მეტწილად სოფლის მეურნეობის მავნე მწერებს.
ქათმისნაირები პირველხარისხოვანი სარეწაო მნიშვნელობის ფრინველებია. მათ დიდი სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის მავნე მწერების განადგურებითაც. ამიტომ ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ფრინველებად.
ქათმისნაირნი ფართოდ არიან გავრცელებული თითქმის მთელ დედამიწაზე. მოიპოვებიან ყველგან, გარდა ანტარქტიკისა, აგრეთვე ევრაზიისა და ამერიკის უკიდურესი ჩრდილოეთი კუნძულებისა. არ არიან აგრეთვე სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში. ბინადრობენ ტუნდრაში, ტაიგაში, ფოთლოვანი ტყეების ზონაში, ველებში, სუბალპურსა და ალპურ ზონებშიც. სარეწაო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია ტყის ფორმები.
ქათმისნაირთა რიგში 240-მდე სახეობაა. საქართველოში მოიპოვება ამ რიგის ორი ოჯახის წარმომადგენლები.