კოდალასნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოდალასნაირნი (ლათ. Piciformes) − ფრინველთა რიგი. კოდალასნაირთა რიგი აერთიანებს საშუალო და პატარა ზომის საკმაოდ ნაირგვარი ფრინველების ჯგუფს, რომელთაც აქვთ შინაგანი და გარეგანი აგებულების ზოგიერთი საერთო ნიშანი. ამასთან ერთმანეთისაგან კარგადაც გამოირჩევიან სხვა, როგორც ანატომიური და გარეგნული, ისე ცხოვრების ნირით.

ფრინველთა ამ ჯგუფის გამაერთიანებელი ნიშნებიდან აღსანიშნავია თავის ქალასა და ცხვირის ძვლების ერთნაირი აგებულება, აქვთ კისრის 14 მალა და 5 წყვილი ნეკნი, ფეხის 2 თითი წინაა მიმართული, ხოლო 2 − უკან. პტერილიები ვიწროა, აპტერიები კი ფართო, ღინღლი არა აქვთ, ფრთები მოკლე და ბლაგვია, პირველი რიგის მომქნევი 10-11-ია. არის ზოგიერთი სხვა საერთო ნიშანიც ანატომიურ აგებულებაში.

ახასიათებთ მეხეური ცხოვრების ნირი, ბუდობენ ფუღუროებში ან სოროებში. ბარტყები იჩეკებიან შეუმოსავი და თვალებაუხილველნი.

რიგს ბევრი საერთო ნიშანი აქვს ბეღურასნაირებთან. ფილოგენეტურად კი უკავშირდებიან პრიმიტიულ ყაპყაპისნაირებს. კერძოდ, წარმოშობილი არიან ალკუნებსა და მომოტებთან ახლო მდგომი ფორმებიდან.

სისტემატიკურად, რიგი იყოფა 2 ქვერიგად: იაკამარებად (Galbulae) და საკუთრივ კოდალებად (Pici). იაკამარები, რომელსაც მიეკუთვნება 2 ოჯახი 15 სახეობით, დამახასიათებელია მხოლოდ ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკული ზონისათვის. საკუთრივ კოდალების ქვერიგში გამოყოფენ 4 ოჯახს, 345 სახეობით, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტყეებში. საქართველოში მოიპოვება ამ ქვერიგის მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგენლები.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები