ყაპყაპისნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაპყაპისნაირნი (ლათ. Coraciiformes) − ფრინველთა რიგი. რიგში გაერთიანებულია გარეგნულად და ანატომიური ნიშნებით მეტად ნაირგვარი, პატარა და საშუალო ზომის ფრინველები. მათ შორის ყველაზე დიდია ყაპყაპი. ყველა მათგანისათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები ცოტაა. სახეობების უმრავლესობა მკვეთრი შეფერილობის არიან, ხშირად მეტალური ელვარებით. სქესთა შორის, აგრეთვე ასაკობრივი განსხვავება შეფერილობაში არაა ან მეტად სუსტადაა გამოხატული. ბუმბულსაფარველი უხეშია და ტანზე მჭიდროდაა მიტმასნილი. გალოსა და თითებზე ბუმბულები არაა. გალოზე ყაპყაპს განივი ფარები აქვს, კვირიონებს − წინა მხარეს ფარები აქვთ, ხოლო უკანა მხარე ბადებრივი. ფრთებიც სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის აქვთ. ალკუნებში ფრთები მოკლე და ბლაგვია, კვირიონებში − გრძელი და მახვილი. პირველი რიგის მომქნევი ჩვეულებრივად 11-ია, ხოლო საჭის ბუმბულები − 12. ნისკარტი საკმაოდ გრძელი და მაგარია, უმრავლესობას სწორი, ზოგიერთებს − რამდენადმე მოხრილი. ფეხები ოთხთითიანია. კუდუსუნის ჯირკვალი შეუმოსავია. ზოგს იგი სრულიად არა აქვს.

ყაპყაპისნაირნი დღის, მეხეური ან მიწაზე მცხოვრები ფრინველებია. უმრავლესობა დაკავშირებულია ფოთლოვან და შერეულ მეჩხერ ტყეებთან. ბევრია წყლის სანაპიროებთან მცხოვრებიც; მოიპოვებიან დაბლობების ტროპიკულ ტყეებში, გაშლილ ველებზე, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებშიც. პალეარქტიკული ფორმები გადამფრენია, მაგრამ უმეტესობა მობინადრე ან მომთაბარეა.

მრავლდებიან მონოგამიურად, ზოგიერთი სახეობის ფრინველები ბუდობენ კოლონიებად. ბუდობის ადგილი ნაირგვარია, თუმცა უპირატესად მაინც ტყესთანაა დაკავშირებული. აგებენ დახურულ ბუდეს − ფუღუროში, შენობებისა და კლდეების ხვრელებსა და ნაპრალებში, ფლატეებზე თხრიან ღრმა სოროს. დებენ 3-8 კვერცხს. კრუხად სხდებიან უპირატესად დედლები. საინკუბაციო პერიოდი 18-20 დღემდე გრძელდება. ბარტყები იჩეკებიან შეუმოსავი და ბრმები.

იკვებებიან უპირატესად ცხოველური საკვებით, მცირე რაოდენობით მცენარეულითაც. უმრავლესობა ენტომოფაგებია. ალკუნების ძირითადი საკვები პატარა თევზებია. არიან პოლიფაგებიც.

ყაპყაპისნაირთა სახეობების უმეტესი ნაწილი გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ქვეყნებში. ავტორების უმრავლესობა ყაპყაპისნაირთა რიგში 5 ქვერიგს გამოყოფს. მათგან საქართველოში წარმოდგენილია 3 ქვერიგი, თითო ოჯახითა და თითო გვარით. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ ოჯახების სარკვევი და ყოველი ოჯახის მოკლე დახასიათება.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები