ალკუნისებრნი
ალკუნისებრნი (ლათ. Alcedinidae) − ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგიდან. ამ ოჯახში გაერთიანებულია საშუალო და პატარა ზომის, უპირატესად მკვეთრი შეფერილობის ფრინველები. დამახასიათებელია დიდი თავი, მოკლე ფრთები და კუდი, გრძელი, მსხვილი და სწორი ნისკარტი, ფეხები მოკლე და სუსტი, გარეთა და შუა თითები ქვემო ნახევარში ერთმანეთთან შეზრდილია. პირველი რიგის მომქნევი 11-ია, რომელთაგან პირველი ძალიან მოკლეა. საჭის ბუმბულები 12-ია. კუდუსუნის ჯირკვალი შემოსილია.
ალკუნისებრნი ბინადრობენ უპირატესად ტყეში ან წყალსატევების ნაპირებთან. მრავლდებიან მონოგამიურად, წელიწადში ჩვეულებრივად ორჯერ. ბუდობენ სოროებში ან ფუღუროებში. დიდი ზომის ტროპიკული ფრინველები დებენ 2-3, პატარები − 4-8 კვერცხს. უმრავლესობა მობინადრე ცხოვრებას ეწევა. წყლის სანაპიროებთან მობინადრე სახეობის ფრინველები იკვებებიან ძირითადად პატარა ზომის თევზებით და წყლის მწერებით, ხოლო მშრალი ადგილების სახეობები − ხმელეთის მწერებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, პატარა ზომის მღრღნელებითაც.
ოჯახში 14 გვარი და 89 სახეობაა. საქართველოში მხოლოდ ერთი გვარია.