ყაპყაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაპყაპი (ლათ. Coracias garrulus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ყაპყაპისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ყაპყაპი.

ყაპყაპი საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 180-205 მმ-ია, კუდი − 120-135 მმ, ნისკარტი − 25-30 მმ, წონა − 130-190 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ადვილი გამოსაცნობია მკვეთრი მომწვანო-ცისფერი საერთო შეფერილობით. თავი, კისერი, მთელი მუცლის მხარე, ფრთების ქვემო, აგრეთვე დიდი და საშუალო ზემო მფარავები მომწვანო ცისფერია; ზურგი, მხრების ბუმბულები, მესამე რიგის მომქნევები − მოქარცისფრო-ყავისფერი; წელი და დანარჩენი მომქნევები მუქი მურა, გარეთა მარაოებზე მოლურჯო ელფერით. ფრთების პატარა მფარავები მკვეთრი მოლურჯო-სოსანია. საჭის შუა წყვილი მუქი მურაა, მოლურჯო-სოსანი ელფერით, ხოლო დანარჩენი - მოცისფრო-ლურჯი ფეხები ღია მურა ფერისაა, ნისკარტი − მუქი მურა.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ყაპყაპი — C. g. garrulus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის დიდ ნაწილს სამხრეთი საფრანგეთიდან, დასავლეთ ალტაიმდე; ჩრდილოეთით შვეციის სამხრეთი ნაწილი, გერმანია, ბალტიისპირეთი, ლენინგრადის, კალინინისა და გორკის ოლქები, აქტიუბინსკი და ომსკი; სამხრეთით — ხმელთაშუა ზღვა, მცირე აზია, სირია, პალესტინა, მესოპოტამია, ირანი, შუა აზია, ავღანეთი, ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი; აგრეთვე აფრიკაშიალჟირი, მაროკო და ტუნისი. იზამთრებს სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში მობუდარია.

ბიოტოპი

ტყე-ველები, ველები და კულტურული ლანდშაფტი. ველებში ირჩევს ფლატეებს, ხრამებსა და მდინარეთა ნაპირებს. გარდა ამისა, აღმოსავლეთ საქართველოში ეტანება ე. წ. ნათელ ტყეებს.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ტყიან ადგილებში ბუდობს ფუღუროებში. ველებში თხრის სოროებს. მაისის მეორე ნახევარში დებს ჩვეულებრივად 4-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-19 დღეს გრძელდება. ბარტყები იჩეკებიან ტიტველი და თვალებაუხილველი, რომელთაც მშობლები კვებავენ 26-28 დღის განმავლობაში.

კვება

ძირითადი საკვებია დიდი ზომის მწერები − მახრა, კალიები, კუტკალიები, ნაირგვარი ხოჭოები, რომელთაც პოულობს და კენკავს მიწაზე. იჭერს და ჭამს ზოგჯერ ხვლიკებს, მცირე ზომის მღრღნელებს, ბაყაყებსა და სხვა ცხოველებს.

მნიშვნელობა

ყაპყაპი სასარგებლო ფრინველია. იგი მრავლად ანადგურებს მავნე მწერებს, აგრეთვე მღრღნელებსაც.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები