ნარჩიტასებრნი
ნარჩიტასებრნი (ლათ. Regulidae) – ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. ნარჩიტასებრთა ოჯახში გაერთიანებულია ჩვენი ორნითოფაუნის ყველაზე პატარა ზომის ფრინველები, რომელთა წონა 5-8 გ-ს არ აღემატება. გარეგნულად ისინი ყარანებს მოგვაგონებენ, აქვთ მოკლე და ბლაგვი ფრთები, 10 პირველი რიგის მომქნევი, მათ შორის პირველი განუვითარებელია, თუმცა იგი მტევნის მფარავებზე გრძელია. კუდი შედგება 12 ბუმბულისაგან და ფრთის სიგრძისაა, ზოგჯერ კი უფრო გრძელიც. ფეხები, სხეულთან შედარებით, ნორმალური სიგრძისაა, გალო წინიდან მთლიანი ფირფიტითაა დაფარული. ნისკარტი წვრილია და მოკლე, ნისკარტზედას წვერო ოდნავ მოკაუჭებულია. ნესტოები დაფარულია პაწაწინა ბუმბულებით, რომელთა ღეპეპებს ჯაგრისებური წანაზარდები აქვთ. ასეთივე ჯაგრისებური ან თმისებური წანაზარდები აქვთ ნიკაპის ბუმბულებს, ხოლო რამდენიმე წვრილი და მოკლე. ჯაგრისებური ბუმბული არის პირის კუთხეებთანაც. ბუმბულსაფარველი რბილი, ხშირი და გრძელია. შეფერილობა ხშირად მკვეთრია; განსაკუთრებით გამოირჩევა თხემის მკვეთრი შეფერილობა, რომელიც ყოველთვის განსხვავებულია სხვა ნაწილების შეფერილობისაგან. სქესობრივი დიმორფიზმი ჩვენში გავრცელებული ნარჩიტებისათვის არაა დამახასიათებელი ან იგი ძალიან უმნიშვნელოა.
ნარჩიტასებრნი ბინადრობენ მეტწილად წიწვიან ტყეებში, იშვიათად ფოთლოვანებში და ბუჩქნარებშიც. წიწვიანი ხეების კრონაში, სადაც ისინი უმეტეს დროს ატარებენ, ხშირად შეუმჩნეველი არიან, თუმცა ბევრს მოძრაობენ საკვების მოსაპოვებლად. სეზონური მიგრაციები არ ახასიათებთ, ძირითადად მობინადრე ან მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან.
მონოგამიური ფრინველებია. ბუდეს აგებენ ხეზე ან ბუჩქზე, რომელიც ჩვეულებრივად კარგადაა დამალული წიწვებს, ტოტებსა თუ ფოთლებს შორის. დებენ 5-10, ზოგჯერ 12-მდე კვერცხს. კრუხობს და ბარტყებს კვებავს ორივე სქესის ფრინველი.
ნარჩიტასებრთა საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები, მათი ლარვები და კვერცხები, რომელთაც ისინი პოულობენ მოუსვენარი მოძრაობით ხეების ან ბუჩქების კრონაში წიწვებზე, ტოტებზე და ფოთლებზე.
ნარჩიტასებრთა სისტემატიკა ბოლომდე არაა დამუშავებული. გამოყოფენ მეტწილად ოჯახში ხელოვნურად გაერთიანებულ 3 გვარს, სულ 5 სახეობით, რომელთაგან ზოგიერთი სახეობა გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის წიწვიან ტყეებში, ხოლო ზოგი მოიპოვება მხოლოდ ევროპაში ან აზიაში. საქართველოში გვხვდება ამ ოჯახის ერთი გვარის წარმომადგენლები.