ბეღურასნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეღურასნაირნი (ლათ. Passeriformes) − ფრინველთა რიგი. მსოფლიო ორნითოფაუნის სახეობათა რაოდენობის დაახლოებით სამი მეხუთედი ბეღურასნაირთა რიგშია გაერთიანებული. ისინი მეტწილად პატარა ზომის ფრინველებია, თუმცა ზოგიერთი მათგანი საშუალო სიდიდესაც აღწევს. მათ შორის ყველაზე დიდია ყორანი, რომელიც 1700 გ-მდე იწონის, ხოლო ყველაზე პატარაა ნარჩიტა, რომელიც 5-7 გ-ს არ აღემატება.

საერთო იერითა და ზოგიერთი ანატომიური ნიშნით, ბეღურასნაირნი საკმაოდ ერთგვაროვანი არიან, მაგრამ ამასთან ბუნებრივია, რომ სახეობათა ეს რიცხვმრავლობა მორფოლოგიური, ანატომიური და ეკოლოგიური მრავალფეროვნების მაჩვენებელიცაა. ამიტომ ამ რიგის საერთო დახასიათებაც საკმაოდ რთულია.

ბეღურასნაირთა რიგში გაერთიანებული ფრინველების საერთო მორფოლოგიური ნიშნებიდან შეიძლება დავასახელოთ შემდეგი: ნისკარტი საშუალო სიგრძის ან მოკლეა და დაფარულია მთლიანი რქოვანი შალითით, ე. ი. ცვილანა არასოდეს არაა. ნისკარტის ფორმა ნაირგვარია. ფეხი ოთხთითიანია. პირველი თითი მიმართულია უკან, ხოლო დანარჩენი 3 − წინ. ყველა თითი ერთ დონეზეა განლაგებული. გალოზე წინიდან ფართო ფარებია, წვივი შემოსილია, ბრჭყალები ცოტად თუ ბევრად მოხრილია. ბუმბულსაფარველი ზოგჯერ ხშირი და მჭიდროა, ხოლო ზოგჯერ − ფაშარი. შეფერილობა ნაირგვარია. კონტურულ ბუმბულებს აქვთ პატარა, ღინღლის მსგავსი გვერდითი ღერო. პირველი რიგის მომქნევი 10 ან 11-ია, მათ შორის პირველი ხშირად განუვითარებელია. მეორე რიგის მომქნევი 9. კუდი მეტწილად შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან. გამონაკლის შემთხვევაში არის 6, 8, 14 ან 16 საჭის ბუმბულიც.

ანატომიური ნიშნებიდან აღსანიშნავია თავის ქალას, კერძოდ სასის აგებულების ერთნაირი ტიპი; სუსტად განვითარებული ბრმა ნაწლავი, რომელიც საჭმლის მონელებაში არ მონაწილეობს. ტრაქეის ქვემო ბოლოში განვითარებულია საბგერი აპარატი, რის გამოც ბეღურასნაირთა დიდი უმრავლესობა კარგი მგალობელია, კუდუსუნის ჯირკვალი ყოველთვისაა, მაგრამ სრულიად შეუმოსავია. კისრის მალას რაოდენობა 14-ია.

ბეღურასნაირთა უმრავლესობა ტყის ფორმებია და ხეზე ცხოვრებასთან არიან შეგუებულნი. უფრო ცოტაა მიწაზე მცხოვრებნი, მაგრამ დიდი უმრავლესობა კარგად დადის, ბევრი მათგანი მიწაზე ხტომით მოძრაობს. კარგად ცოცავენ ხეებსა და კლდეებზე, კარგად ფრენენ, ზოგიერთი მათგანი საუკეთესო მფრინავებია ფრინველთა შორის. მათ შეუძლიათ დიდი დრო გაატარონ ჰაერში და მოახდინონ შორეული გადაფრენა. მთელი რიგი სახეობებისა წყალთან არიან დაკავშირებული, ჩაყვინთვის უნარი აქვთ და უპირატესად წყლის ორგანიზმებით იკვებებიან.

მრავლდებიან მონოგამიურად. ბარტყოვანი ფრინველებია, იჩეკებიან შეუმოსავნი და თვალებაუხილველნი. ბეღურასნაირთათვის დამახასიათებელია საგულდაგულოდ აგებული ბუდე და საბუდარი ტერიტორიის დაცვა. ყოველი წყვილი წლიდან წლამდე ერთსა და იმავე ადგილზე ბუდობს. ბუდობენ ხეებზე, ბუჩქებზე, კლდის ნაპრალებში, მიწაზე, სოროებში, წყლის მცენარეებში, ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს ნაირგვარ ნაგებობებში. ყოველი ოჯახისა და სახეობებისათვის დამახასიათებელია ბუდის გარკვეული ადგილმდებარეობა, ფორმა, საშენი მასალა. დებენ მეტწილად 4-6 კვერცხს, ზოგიერთი ავსტრალიური ფორმა − ერთს, ხოლო ზოგიერთი წივწივა − 15-16 კვერცხსაც. საინკუბაციო პერიოდი 11-14 დღეს გრძელდება. გამონაკლისია ყორანი (19-20 დღე), კუდქნარა (40 დღე) და სხვ.

ბეღურასნაირთა საკვები ნაირგვარია. მათ შორის არიან პოლიფაგები. ზოგი იკვებება მცენარეთა თესლებითა და ნორჩი მწვანე ნაწილებით და მხოლოდ ბარტყებს კვებავენ მწერებით. უმრავლესობა მაინც ენტომოფაგი ფრინველია. ამიტომ ისინი პრაქტიკულად მეტად სასარგებლონია.

ბეღურასნაირნი ფართოდ არიან გავრცელებული მთელ დედამიწაზე, მოიპოვებიან კუნძულებზე არქტიკის მკაცრ პირობებში და პაპანაქება უდაბნოებშიც, ტუნდრაში და ტროპიკულ ტყეებში, ტაიგასა და ველებზე, ზღვის დონეზე დაბლაც და მაღალ მთებში მყინვარებამდე. არ არიან მხოლოდ ანტარქტიდაში.

სახეობათა რიცხვმრავლობის გამო, რიგის შიდა სისტემატიკა ბოლომდე დამუშავებული არაა. ამჟამად რიგს ყოფენ უმეტესად 3 ქვერიგად. ყველაზე მკვეთრად გამოირჩევა რქანისკარტების (Eurylaemi) ქვერიგი − ერთი ოჯახითა და 14 სახეობით, რომლებიც გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; მყვირალა ბეღურების ქვერიგში (Clamatores) განიხილავენ 11 ოჯახს, 1097 სახეობით, რომლებიც მოიპოვებიან სამხრეთ ამერიკაში, აგრეთვე მცირე რაოდენობით − ჩრდილო ამერიკაში და ძველი სამყაროს ტროპიკებში. მგალობელი ბეღურასნაირების ქვერიგი (Oscines), რომელშიაც 52 ოჯახი და 4000-მდე სახეობაა, გავრცელებულია მთელ დედამიწაზე.

საქართველოში წარმოდგენილი 132 სახეობა, რომლებიც Oscines ქვერიგს მიეკუთვნებიან, 22 ოჯახში არიან განაწილებული.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები