მერცხლისებრნი
მერცხლისებრნი (ლათ. Hirundinidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. მერცხლისებრთა ოჯახში გაერთიანებულია პატარა ზომის ფრინველები. მათ შორის ყველაზე დიდი, დაახლოებით ნამგალას ტოლია. ფრინველების ეს ჯგუფი, რიგი ნიშნებით კარგად გამოირჩევა სხვა ფრინველებისაგან. მერცხლებისათვის დამახასიათებელია მოკლე, ბრტყელი და სამკუთხა ფორმის ნისკარტი, ფართო ძირითა და წვეროში პატარა კაუჭით. პირის ჭრილი მეტად ფართოა, პირის კუთხეებთან ჯაგრისებური ბუმბულები სუსტად აქვთ განვითარებული. ფრთები გრძელია და მახვილი; პირველი რიგის მომქნევი 9. მათ შორის პირველი რუდიმენტულია და სრულიად არ ჩანს. მეორე (ე. ი. პირველი ხილული) და მესამე მომქნევები ქმნიან ფრთის წვეროს. მეორე რიგის მომქნევები მოკლეა. საჭის ბუმბულები 12-ია. კუდი ჩვეულებრივად ამოკვეთილია, ხოლო კიდურა ბუმბულები ზოგჯერ ძალიან გრძელია. ფეხები პატარა და სუსტია, გალო – მოკლე. მოხრილი ბრჭყალები კარგადაა განვითარებული, რაც საშუალებას აძლევს მერცხლებს დამაგრდნენ ვერტიკალურ ზედაპირზე, ბუმბულსაფარველი მჭიდროა და გლუვი. მუცლის მხარე ჩვეულებრივად ღია შეფერილობისაა; ზურგის მხარე მუქია და ხშირად ლურჯი ან მწვანე მეტალური ელვარება აქვს. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი თითქმის არაა გამოხატული. ასაკობრივი ცვალებადობა უმნიშვნელოა. განგურს განიცდიან წელიწადში ერთხელ, დაზამთრების ადგილებში.
მრავლდებიან მონოგამიურად. ბუდობენ როგორც ცალკეულ წყვილებად, ისე კოლონიებად. ბუდეს იკეთებენ კლდეებზე, ფლატეებზე, შენობებზე, იშვიათად ხეებზე. ზოგიერთი თხრის სოროსაც. ბუდეს აგებენ მიწისა და ნერწყვის ნარევისაგან, ფორმით ღია ჯამისებურს ან დახურულს, მომრგვალოს, გვერდიდან შესასვლელით. დებენ 2-8, უფრო ხშირად 4-6 კვერცხს.
მიწაზე მერცხლები ცუდად დადიან, მაგრამ ფრენენ შესანიშნავად. გრძელი და მახვილი ფრთები საშუალებას აძლევენ მათ დღის დიდი ნაწილი ფრენაში გაატარონ და საკვებიც ფრენის დროს მოიპოვონ.
იკვებებიან ნაირგვარი მწერებით. ნამგალებისაგან განსხვავებით, მერცხლებს შეუძლიათ საკვებად მოიპოვონ კედლებზე ან კლდეებზე მჯდომარე მწერებიც. ზოგიერთი მერცხალი ჭამს კენკრასაც. წყალსაც ფრენის დროს სვამენ.
სამხრეთი განედების სახეობები მობინადრეა, ხოლო ზომიერი განედებიდან – გადამფრენი. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე პოლარული რაიონების, ძალიან მაღალი მთებისა და უწყლო უდაბნოების გამოკლებით. საქართველოში გაზაფხულზე მოფრინდებიან ჩვეულებრივად აპრილში, მაგრამ კონკრეტული ვადები დამოკიდებულია ამინდის ხასიათზე. მერცხლისებრნი მეტად სასარგებლო ფრინველებია. ისინი უამრავ მავნე მწერს ანადგურებენ და ამასთან დიდი ესთეტიკური მნიშვნელობაც აქვთ.
მერცხლისებრთა ოჯახი შეიცავს 16 გვარსა და 75 სახეობას. საქართველოში მოიპოვება 4 გვარის წარმომადგენლები.